LIVE

ადანიმ ბეზოსს გადაუსწრო და მე-2 ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა

16 სექ 202219:11
3 წუთის საკითხავი
clock clock 985
ადანიმ ბეზოსს გადაუსწრო და მე-2 ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა

ინდოელი მილიარდერის, გაუტამ ადანის ქონებამ ჯეფ ბეზოსის სიმდიდრეს გადააჭარბა და მსოფლიოში მეორე ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა. მილიარდერი, რომელიც წლის დასაწყისში სიის მე-14 ადგილზე იყო, ახლა $146,9-მილიარდიანი ქონებით მხოლოდ ილონ მასკს ჩამორჩება. 

ბეზოსის წმინდა ქონება დღეს დილით $145,8 მილიარდამდე შემცირდა, რამდენადაც ტექნოლოგიების სფეროში განახლებულმა ვაჭრობამ კვლავ დაარტყა უმდიდრესი ამერიკელების ქონებას.

სიმდიდრის რეიტინგში ცვლილება შეიძლება ხანმოკლე იყოს. ის დიდწილად დამოკიდებულია Amazon.com-ის აქციებზე, რომლებიც წელს 26%-ზე მეტით დაეცა.

ადანის კონგლომერატის ფლაგმანის, Adan Enterprises-ის აქციები ამ კვირაში რეკორდულად გაძვირდა. მისი ჯგუფის ზოგიერთი კომპანიის აქციები 2020 წლიდან 1000%-ზე მეტით გაიზარდა.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აზიელი ადამიანი მოხვდა Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის სათავეში, სადაც, როგორც წესი, ამერიკელი ტექნიკური მეწარმეები არიან.

თებერვალში ადანიმ პირველად გადაუსწრო მუკეშ ამბანს, როგორც უმდიდრეს აზიელს, აპრილში კი მილიარდერთა ექსკლუზიური კლუბს შეუერთდა. ივლისში მან გაუსწრო ბილ გეიტსს და მსოფლიოში მე-4 ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა. ერთი თვის შემდეგ კი უკან მოიტოვა ფრანგი ბერნარ არნო და უმდიდრესი ადამიანების სამეულში შევიდა

60 წლის ადანიმ ბოლო რამდენიმე წელი თავისი კონგლომერატის გაფართოებაში გაატარა და მისწვდა ყველაფერს: მონაცემთა ცენტრებს თუ ცემენტის წარმოებას, მედიას თუ ალუმინის ნაწარმს. ჯგუფი ახლა ფლობს ინდოეთის უმსხვილეს კერძო პორტსა და საჰაერო ხომალდების მოვლის ორგანიზაციას, ბუნებრივი აირის გამანაწილებელ ქსელს და ქვანახშირის მაღაროს. 

ის ფოკუსირდება იმაზე, რასაც ინდოეთის პრემიერმინისტრი ნარენდრა მოდი ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური მიზნებისთვის კრიტიკულად მიიჩნევს.

კარმაიკლის ქვანახშირის მაღაროს პროექტის გამო, მილიარდერს გარემოსდამცველები ხშირად აკრიტიკებენ. ნოემბერში ადანიმ პირობა დადო, რომ 2030 წლისთვის $70 მილიარდს მწვანე ენერგიაში ჩადებს და მსოფლიოში განახლებადი ენერგიის უდიდესი მწარმოებელი გახდება.

მას შემდეგ, რაც ადანის იმპერია იქცა მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს კონგლომერატად, მის ქონებასთან დაკავშირებული განხილვებიც იმატებს. CreditSights-ის ანგარიშის მიხედვით, ადანის გარიგებები ძირითადად ფინანსდება ვალით და მისი იმპერია მეტისმეტად ემყარება ნასესხებ კაპიტალს. 

Bloomberg-ის პლანეტის 500 ყველაზე მდიდარი ადამიანის სიაში ერთადერთი ქართველი ბიძინა ივანიშვილია. ის $5.60 მილიარდით 418-ე ადგილს იკავებს

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალექსანდრ საზონოვი