LIVE

საქართველოს მოქალაქეების საპენსიო დანაზოგი ₾2.62 მილიარდია

09 სექ 202211:44
3 წუთის საკითხავი
clock clock 751

2022 წლის 7 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოქალაქეების მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.62 მლრდ ლარია. წმინდა ამონაგები, კი 374 მლნ ლარს შეადგენს. საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, საპენსიო სქემაში 1 მლნ 313 ათასი ადამიანია გაწევრიანებული.

ბოლო მონაცემებით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 2,387-მა პირმა, მათზე გაცემული თანხა კი 5,458,570 ლარს შეადგენს.

საპენსიო სააგენტოს აგვისტოს საინვესტიციო ანგარიშის მიხედვით, აქტივების 81.1% ლარშია, 18.9% კი უცხოურ ვალუტაში. დღეის მდგომარეობით, აქტივების გეოგრაფიული ალოკაცია ასეთია: 81.3% ადგილობრივი აქტივებია, 18.7% კი უცხოური.

საინვესტიციო ინსტრუმენტების მიხედვით, აქტივები შემდეგნაირადაა გადანაწილებული: 

  • სადეპოზიტო სერტიფიკატები/ვადიანი ანაბარები - 65.9%;
  • გლობალური აქციები - 9%;
  • საქართველოს სახაზინო ობლიგაციები - 8.9%;
  • აშშ-ის სახაზინო ობლიგაციები - 8.7%;
  • მიმდინარე ანგარიშები - 6.5%;
  • ევროობლიგაციები - 1%.

ანგარიშის თანახმად, აქტივების 92.9% ფიქსირებულ განაკვეთზეა მიბმული, 7.1% კი ცვლადზე.

რაც შეეხება ვადიანობას, აქტივების ნახევარზე მეტი, 55.4%, 2 და მეტი წლით არის განთავსებული. აღსანიშნავია, რომ აქტივების 65.2%-ს BB- საკრედიტო რეიტინგი აქვს. 

შეგახსენებთ, საპენსიო სააგენტომ საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე ინვესტიციების განსახორციელებლად მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკი JP Morgan Chase-ი შეარჩია. ბანკი საპენსიო სააგენტოს მთავარი ბროკერი-დილერია უცხოური ინვესტიციების მიმართულებით. სააგენტოს ინფორმაციით, მარტიდან, საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაცია აქტიურ ფაზაში შევიდა. შედეგად, საპენსიო სააგენტომ დოლარის შესყიდვის პროცესი ეტაპობრივად დაიწყო.