LIVE

პუტინი მარცვლეულის გადაზიდვის შეთანხმების აკრიტიკებს - ხორბალი გაძვირდა

08 სექ 202213:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 679
პუტინი მარცვლეულის გადაზიდვის შეთანხმების აკრიტიკებს - ხორბალი გაძვირდა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან მარცვლეულის შეთანხმება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის არ ეხმარება ღარიბ ქვეყნებს, რადგან მარაგების უმეტესი ნაწილი ევროპაში მიდის.  

მისივე თქმით, შესაძლოა, ღირდეს, რომ თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან მარშრუტების შეზღუდვების ვერსია განიხილონ, რაც შეთანხმების მომავალს საფრთხეს უქმნის. 

რუსეთის ლიდერის განცხადებები მალევე აისახა ბირჟებზე. ჩიკაგოში ფიუჩერსის ფასი თითქმის 7%-ით გაიზარდა. მოგვიანებით სინგაპურში ეს მაჩვენებელი კიდევ 0.7%-ით გაიზარდა და ვაჭრობა ორი თვის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულზე დაიხურა. 

მარცვლეულის საექსპორტო შეთანხმება, რომელიც ივლისში გაფორმდა, თურქეთისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შუამავლობით განხორციელდა. მისი პირობები ძალაშია 120 დღის განმავლობაში. ბაზრები მყისიერად რეაგირებენ პოლიტიკოსების კომენტარზე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება გაგრძელდეს ეს შეთანხმება.

უკრაინა მსოფლიოში მარცვლეულის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია და მისი შავი ზღვის პორტებიდან საექსპორტო ნაკადების განახლებამ ხელი შეუწყო მარცვლეულის გლობალური ხარჯების შემცირებას, თუმცა ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შენარჩუნდება ეს ტემპი.

ანალიტიკოსები ეჭვობენ, რომ პუტინი, შესაძლოა, შეთანხმების გაგრძელებაზე უარის თქმისთვის საფუძველს ამზადებს. 

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას უკრაინის ოფიციალური პირები გამოეხმაურნენ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ თქვა, რომ პუტინის განცხადება მცდარია, რადგან უკრაინული მარცვლეულის ორი მესამედი, რომელიც ინიციატივის ფარგლებში იგზავნება, მიეწოდება მომხმარებლებს აზიაში, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში.

გაეროს მონაცემების თანახმად, აგვისტოს დასაწყისიდან უკრაინის პორტებიდან 2 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეული და სხვა საკვები პროდუქტი გაიგზავნა. ეს მოიცავს თურქეთში, ესპანეთში, ჩინეთში, იტალიასა და სომალიში გაგზავნილ უახლეს ტვირთებს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სიბილა გროსი