LIVE

რუსეთმა და უკრაინამ მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს

22 ივლ 202218:19
3 წუთის საკითხავი
clock clock 925
რუსეთმა და უკრაინამ მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს

თურქეთისა და გაეროს შუამავლობით, რუსეთმა და უკრაინამ მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. დოკუმენტს ხელს ასევე აწერენ გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში და თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი. შეთანხმების შედეგად გაიხსნება შავი ზღვის პორტები მარცვლეულის ექსპორტისთვის. თურქეთი შეამოწმებს გემებს, რათა დარწმუნდეს, რომ ისინი არ ატარებენ იარაღს.

შეთანხმება უდავოდ პოზიტიური სიგნალია მსოფლიოსთვის, რომელიც საკვების კრიზისის წინაშე დგას. 

რუსეთის მიერ შავი ზღვის პორტების ბლოკადამ გაამწვავა შეფერხებები მიწოდების გლობალურ ჯაჭვში და, მოსკოვის მიმართ დაწესებულ დასავლეთის სანქციებთან ერთად, გამოიწვია საკვებისა და ენერგიის ფასის ზრდა. 

თუმცა, ექსპორტთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობს. გადაზიდვის საერთაშორისო პალატის წარმომადგენელმა, ჯონ სტუპერტმა BBC Radio 4-ს განუცხადა, რომ უკრაინის პორტებში არ არის საკმარისი გემები მარცვლეულის გადასატანად.

“ომის დაწყებისას 2000 მეზღვაური იყო. ახლა მათი რიცხვი 450-მდე შემცირდა. მოგვიწევს ვიფიქროთ, თუ როგორ დავაკომპლექტოთ ეს გემები”, - ამბობს შტაუპერტი. მისი თქმით, სავარაუდოა, რომ მთელი მარცვლეულის გადასატანად საჭირო გახდება 400 გადამზიდავი.

ხელშეკრულების გაფორმების შემდეგაც, ტრეიდერებსა და მაღალჩინოსნებს ექსპორტის დასაწყებად დრო დასჭირდებათ. უკრაინის წინაშე დგას გამოწვევა, გაასუფთაოს დანაღმული ზღვა, მოიძიოს საკმარისი გემები მარცვლეულის გადასაზიდად და შეცვალოს მატარებლებისა და სატვირთო მანქანების მარშრუტი. ოპერაციების დასაფარად დაზღვევის მიღება ასევე გამოწვევაა.

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის შეფასებით, ნავსადგურების მახლობლად განაღმვით სამუშაოებს შესაძლოა რამდენიმე თვე დასჭირდეს. თუმცა, უკრაინის მარცვლეულის ასოციაციის ხელმძღვანელმა მიკოლა გორბაჩოვმა განაცხადა, რომ გემების ტრანზიტისთვის გზის გაწმენდა შეიძლება მოხდეს ბევრად უფრო სწრაფად, დაახლოებით 10 დღეში.

გეგმის წარმატება ასევე დამოკიდებულია მოსკოვის უსაფრთხოების გარანტიებზე და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე. ანალიტიკოსები და დასავლელი ოფიციალური პირები სკეპტიკურად არიან განწყობილნი იმის თაობაზე, თუ რამდენად სწრაფად შეუძლია უკრაინას აღადგინოს თავისი, როგორც გლობალური სასოფლო-სამეურნეო ძალის როლი.

იმის ნიშნად, თუ რამდენად დაძაბულია ვითარება, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა თქვა, რომ უკრაინა ხელს მოაწერს შეთანხმებას თურქეთთან და გაეროსთან და არა პირდაპირ რუსეთთან. მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინა არ დაუშვებს რუსული გემების თანხლებით ან მისი წარმომადგენლების ყოფნას უკრაინის პორტებში.

ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში ათობით სატვირთო გემი იყო ჩაძირული, რის გამოც ქვეყანა იძულებული გახდა, გადასულიყო სარკინიგზო და საავტომობილო მარშრუტებზე და მდინარის პორტებზე, რომლებსაც შეუძლიათ გაცილებით მცირე მოცულობის გატარება. როდესაც შავი ზღვის პორტები ხელახლა გაიხსნება, გემების დაცვა და სადაზღვევო კომპანიების პოვნა, შესაძლოა რთული და ძვირადღირებული აღმოჩნდეს.

გარდა ამისა, ბევრი სარკინიგზო ვაგონი და სატვირთო მანქანა დგას რიგებში მარცვლეულის ექსპორტისთვის მეზობელ ქვეყნებში და საჭირო იქნება პორტებისკენ მიმავალი ტრადიციული მარშრუტების დაბრუნება.

შეთანხმების შესრულების შემთხვევაში, ექსპორტის ზრდა შვებას მოუტანს იმპორტიორ ქვეყნებს, რომლებიც დამოკიდებულნი არიან უკრაინულ მოსავალზე, განსაკუთრებით მარცვლეულის ისტორიულად მაღალი ფასების გათვალისწინებით.

არიგება ასევე მეტ ნდობას მისცემს ადგილობრივ ფერმერებს, რომლებმაც შემოდგომაზე უნდა გადაწყვიტონ, თუ რა ფართობზე დარგონ ისეთი მნიშვნელოვანი ზამთრის მარცვლეული, როგორიცაა ხორბალი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: მეგან დურისინი, აინ ქუინი და ალბერტო ნარდელი