LIVE

Netflix-ისა და ნონა გაფრინდაშვილის შეთანხმების პირობები კონფიდენციალურია

07 სექ 202214:07
3 წუთის საკითხავი
clock clock 604
Netflix-ისა და ნონა გაფრინდაშვილის შეთანხმების პირობები კონფიდენციალურია

Netflix-ისა და ცნობილი ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის შეთანხმების პირობები კონფიდენციალურია.

როგორც იურიდიული კომპანია BLB-ის მმართველმა პარტნიორმა, კახა შარაბიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ნონა გაფრინდაშვილი მიღწეული შედეგით კმაყოფილია.

მისივე თქმით, სერიალ "ლაზიერის გამბიტში", რომელიც მხარეებს შორის დავის საგანი გახდა, არაფერი იცვლება.

„დავა საკმაოდ ეფექტურად და მოკლე დროში დასრულდა. მორიგების ინიციატივა ამერიკის სააპელაციო სასამართლომ გამოიჩინა სასამართლომ შემოგვთავაზა ავტორიტეტული მედიატორი, პროცესი Netflix-სთან შეთანხმების გაფორმებით დასრულდა. პირობები, ყველა ნიუანსი მკაცრად კონფიდენციალურია. ფილმში არაფერი არ იცვლება, რჩება როგორცაა, თუმცა პატივისა და ღირსების შემლახველი გარემოების აღმოფხვრა განხორციელდა შეთანხმებით.

ქალბატონი ნონა ძალიან კმაყოფილია მიღწეული შედეგით. ეს არის ძალიან ლამაზი მაგალითი, როდესაც ბრძოლის ჟინი, სიმართლე არ იკარგება. ესაა ქართველი ლეგენდის კიდევ ერთი ლეგენდარული პარტია, რომელიც მოიგო“,- განაცხადა შარაბიძემ.

მოჭადრაკემ კალიფორნიის სასამართლოს გასული წლის სექტემბერში მიმართა. საჩივარი "ლაზიერის გამბიტში" გაჟღერებულ ინფორმაციას უკავშირდებოდა. გაფრინდაშვილის თქმით, სიცრუეა, რომ მას არასდროს უთამაშია მამაკაცის წინააღმდეგ. ქართველი მოჭადრაკე ამტკიცებდა, რომ ფილმ "ლაზიერის გამბიტის" რეჟისორმა მის შესახებ სიმართლე განზრახ დაამახინჯა. გაფრინდაშვილი Netflix-ისგან კომპენსაციის სახით $5 მილიონს ითხოვდა.

მიმდინარე წლის დასაწყისში სასამართლომ დაადგინა, რომ ცილისწამებასთან დაკავშირებით გაფრინდაშვილის არგუმენტაცია დამაჯერებელია.