LIVE

ივანიშვილი დანაკარგს $1.27 მილიარდად აფასებს - სინგაპურში სასამართლო დაიწყო

05 სექ 202216:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 775
ივანიშვილი დანაკარგს $1.27 მილიარდად აფასებს - სინგაპურში სასამართლო დაიწყო

სინგაპურში Credit Suisse Group-ის წინააღმდეგ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მორიგი სამართლებრივი დავა სინგაპურში დღეს დაიწყო. 

მილიარდერი ამტკიცებს, რომ ბანკის ადგილობრივმა ტრასტმა მისი ოჯახის ინვესტიციები სათანადოდ ვერ დაიცვა, რამაც ზარალი გამოიწვია.  

ივანიშვილის ადვოკატის, კავინდერ ბულის მიერ დღეს სასამართლოში წაკითხული განცხადების მიხედვით, 2005 წელს Credit Suisse Trust-ის მეთვალყურეობის ქვეშ $1,1 მილიარდი განთავსდა.

მისივე განმარტებით, Credit Suisse-სთან შუამავალი პირი იყო პატრის ლესკოდრონი, რომელმაც ტრასტის ინვესტიციების თაღლითური მართვა და ტრასტის ფონდების "მითვისება" ჯერ კიდევ 2007 წელს დაიწყო და ეს ბანკს დროულად უნდა შეემჩნია. 

ივანიშვილის გამოთვლით, მისი დანაკარგი $1,27 მილიარდს აღწევს, ტრასტის შეფასებით, კი ის $818,2 მილიონს შეადგენს. 

როგორც სასამართლოზე Credit Suisse-მა აღნიშნა, ბანკის წინააღმდეგ სამართალწარმოება "გადაჭარბებულია". 

"CS Trust მოუწოდებს სასამართლოს, რომ არ დააკმაყოფილოს სარჩელი, რამდენადაც მიმართულია არასწორი მოპასუხის წინააღმდეგ და არასწორ საფუძველზე", - აცხადებს დაცვის მხარე.

CS Trust-ის ადვოკატის განცხადებით, ტრასტის მოვალეობა იყო სტრუქტურული ადმინისტრირება და არა რაიმე საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღება. ივანიშვილს შეეძლო თავისი აქტივები სხვა ბანკში გადაეტანა. მისივე მტკიცებით, ტრასტის მხრიდან შესრულებული არაავტორიზებული ტრანზაქციების ნაწილის შესახებ ინფორმირებული იყო ივანიშვილი, რომელსაც გადახდების დაჩქარება სურდა. 

ივანიშვილმა სასამართლოს ჩვენება დღეს საქართველოდან ვიდეოჩართვის მეშვეობით მისცა. მან სასამართლოს უთხრა, რომ Credit Suisse-სთვის მიმართვის ერთადერთი მიზანი იყო, რომ სურდა საკუთარი აქტივები დაეცვა.  

"მე მეგონა მოვედი ექსპერტთან, რომელსაც შეუძლია დაიცვას ჩემი კაპიტალი და ჩემი ოჯახი",- თქვა ივანიშვილმა.

ლესკოდრონი შვეიცარიის სასამართლომ 2018 წელს გაასამართლა ყოფილი კლიენტების, მათ შორის ივანიშვილის ხელმოწერის რვა წლის განმავლობაში გაყალბებისთვის. 

სინგაპურში სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, სამი კვირა გაგრძელდება. საქმეზე განაჩენი ცნობილი მომავალი წლის დასაწყისში გახდება. 

Bloomberg-ის მიხედვით, ამაჟამად ივანიშვილის ქონება $.5.62 მილიარდს შეადგენს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჰუგო მილერი და ჩანიაპონ ჩანჯაროენი