LIVE

Credit Suisse-ს წინააღმდეგ სინგაპურში ივანიშვილის $800 მილიონიანი საქმის განხილვა იწყება

05 სექ 202210:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 634
Credit Suisse-ს წინააღმდეგ სინგაპურში ივანიშვილის $800 მილიონიანი საქმის განხილვა იწყება

Credit Suisse Group-ის წინააღმდეგ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მორიგი სამართლებრივი დავა სინგაპურში დღეს იწყება. მილიარდერი მიყენებული ზარალის გამო, $800 მილიონს ითხოვს

Bloomberg-ის ინფორმაციით, ივანიშვილი, სავარაუდოდ, პროცესის გახსნაზე ჩვენებას საქართველოდან ვიდეოჩართვის საშუალებით მისცემს.  

Credit Suisse-მა სინგაპურში 2005 წელს დააფუძნა Mandalay Trust-ი, სადაც ივანიშვილის $550 მილიონი განთავსდა. მედიის ინფორმაციით, 2014 წლის დეკემბერში კომპანიის სახელზე $697.68 მილიონი ირიცხებოდა, ხოლო 2015 წლის სექტემბერში ტრასტის ანგარიშზე მხოლოდ $437.8 მილიონი იყო დარჩენილი. 

ამავდროულად, ივანიშვილმა, სადაზღვევო შენატანის სახით, $755 მილიონის დეპოზიტი შეიტანა ბერმუდაში Credit Suisse Life ოფისში. მის ინვესტირებაზე პასუხისმგებელი იყო შვეიცარიული ბანკი. 2015 წელს ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ $400 მილიონი გაქრა სადაზღვევო სქემიდან მისი ყოფილი პირადი ბანკირის, პატრის ლესკოდრონის მიერ Credit Suisse-ში თაღლითურ ოპერაციების გამო.

ბერმუდის საქმეში, კუნძულის სახელმწიფოს უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ Credit Suisse Life-ის ადგილობრივმა ფილიალმა "თვალი დახუჭა ლესკოდრონის შეცდომებზე" და CS Life-ს დაევალა, $607,5 მილიონის ზიანი გადაიხადოს. 

ივანიშვილთან დავა ემატება ბანკის პრობლემებს, რომლებსაც ახლად დანიშნული აღმასრულებელი დირექტორი ულრიხ კოერნერი და თავმჯდომარე აქსელ ლემანი აწყდებიან მაშინ, როცა ბანკი ორი წელია რეპუტაციულ ზიანს განიცდის. 

სასამართლო პროცესი ასევე იქნება ტესტი იმისა, შეუძლია თუ არა ციურიხში მდებარე შვეიცარიულ ბანკს დისტანცირდეს, ამ შემთხვევაში, სინგაპურში დაფუძნებული ტრასტის მიმართ ბრალდებისგან. 

Credit Suisse დიდი ხანია ამტკიცებს, რომ ის და მისი ერთეულები არ იყვნენ ინფორმირებული ყოფილი ბანკირის, მსჯავრდადებული პატრის ლესკოდრონის მიერ განხორციელებული თაღლითობის სქემის შესახებ. ფინანსური ინსტიტუტი ასევე მიიჩნევს, რომ სინგაპური არ არის შესაბამისი იურისდიქცია ბანკის წინააღმდეგ საქმის აღძვრისთვის და ნებისმიერი სამართლებრივი დავა უნდა წარიმართოს შვეიცარიაში.  

თავად Credit Suisse-მა თქვა, რომ კომენტარს არ აკეთებს მიმდინარე სასამართლო საკითხებზე.

ტრასტის ადვოკატებმა წინასასამართლო განცხადებებში აღნიშნეს, რომ "ივანიშვილის მიერ დანიშნული ინვესტიციების მენეჯერები ყოველთვის პასუხისმგებელნი იყვნენ და ახორციელებდნენ ინვესტიციების მართვის ყველა უფლებამოსილებას, CS Trust-ის გამორიცხვით".

ადვოკატების განცხადებითვე, ტრასტი უარყოფს, რომ ვერ მიიღო გონივრული ზომები ივანიშვილის ინვესტიციებისთვის შექმნილი Mandalay Trust-ის აქტივების დასაცავად.

ივანიშვილის ადვოკატების განცხადებით, $800 მილიონი არის თანხა აქტივების მითვისებიდან, ასევე ის ზარალი, რომელიც სხვა შემთხვევაში ივანიშვილს არ მიადგებოდა. მათ სასამართლო პროცესის წინ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს. 

ივანიშვილის დაცვის გუნდს ხელმძღვანელობს კავინდერ ბული კომპანია Drew & Napier-დან, ხოლო CS Trust-ს იცავს Allen & Gledhill, რომელსაც აფზალ ალი ხელმძღვანელობს.

სინგაპურში სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, სამი კვირა გაგრძელდება. საქმეზე განაჩენი ცნობილი მომავალი წლის დასაწყისში გახდება. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჰუგო მილერი და ჩანიაპონ ჩანჯაროენი