LIVE

რუსული ხორბლის ექსპორტი იკლებს, ხოლო უკრაინის - იზრდება

02 სექ 202213:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 622
რუსული ხორბლის ექსპორტი იკლებს, ხოლო უკრაინის - იზრდება
Chris McGrath/Getty Images

რუსეთიდან რეკორდული რაოდენობის ხორბლის მოსავლის ექსპორტი მცირდება. პარალელურად, უსაფრთხო დერეფნის გახსნა ხელს უწყობს მომარაგების ზრდას უკრაინიდან, სადაც რუსეთი ექვს თვეზე მეტი ხნის წინ შეიჭრა და პორტები დაბლოკა.

Logistic OS-ის მონაცემების მიხედვით, რუსეთიდან ხორბლის მიწოდება ივლისსა და აგვისტოში გასულ წელთან შედარებით 22%-ით შემცირდა და 6,3 მილიონ ტონა შეადგინა. გასულ თვეში უკრაინამ განაახლა 1,5 მილიონი ტონა სურსათის ექსპორტი მარცვლეულის დერეფნებში, რომელიც შეიქმნა გაეროსა და თურქეთის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან გადაზიდვები ომამდელ მოცულობის მხოლოდ მეოთხედზე მეტს შეადგენს, მთავრობა იმედოვნებს, რომ გადაზიდვების მოცულობა უახლოეს თვეებში გაიზრდება. უკრაინიდან ექსპორტის ზრდის ფონზე, რუსული ხორბლის ექსპორტის ნელი ტემპი აძლიერებს ზეწოლას გლობალურ მარაგზე. სურსათი არ ექვემდებარება დასავლეთის სანქციებს, მაგრამ ბანკირები და მზღვეველები უფრთხილდებიან რუსეთთან ბიზნესის კეთებას, ხოლო გადამზიდავი კომპანიები უფრთხილდებიან გემების ომის ზონაში გაგზავნას.

“გვაქვს რეპუტაციული რისკი ან არაფორმალური სანქციები. ისინი ქმნიან პრობლემებს შავი ზღვისთვის გემების მოძიებაში და ვხედავთ, რომ ზოგიერთი ბანკი თავს იკავებს რუსული წარმოშობის ხორბლის აკრედიტივის გახსნისგან”, - ამბობს დიმიტრი რილკო, მოსკოვში დაფუძნებული IKAR ინსტიტუტის გენერალური დირექტორი. 

ახალი სეზონის დაწყებასთან ერთად, რუსული მარაგი აღარ შემოიფარგლება საექსპორტო კვოტით, რომელიც მოქმედებდა წინა სეზონის მეორე ნახევარში შიდა მარაგების დასაცავად. ახლა მთავრობა უჩივის ვაჭრობის შეზღუდვებს, მას შემდეგაც, რაც ევროკავშირმა და აშშ-მა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საკვები პროდუქტები სანქციებს არ ექვემდებარება.

“მიუხედავად ვაშინგტონისა და ბრიუსელის განცხადებებისა, რომ ანტირუსული სანქციები არ ვრცელდება საკვებსა და სასუქებზე, მათი დაწესების შედეგად წარმოქმნილი საბანკო, სადაზღვევო და ტვირთის გადაზიდვის დაბრკოლებები არსებობს”, - აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.  

რუსი ფერმერები ასევე ერიდებიან ხორბლის გაყიდვას, რადგან გამყარებული რუბლი და მაღალი საექსპორტო გადასახადი მას ნაკლებად მიმზიდველს ხდის, ხოლო IKAR-ის თქმით, ზოგიერთმა ევროპელმა მყიდველმა გაზარდა შეკვეთები წლის დაწყებამდე.

ივლისში რუსეთმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას შავი ზღვის პორტებში ჩარჩენილი მილიონობით ტონა ტვირთის გათავისუფლების შესახებ. პირველი ტვირთი სამი პორტიდან გადაიტანეს, ხოლო კიდევ 1,15 მილიონი ტონა მარცვლეული სარკინიგზო ტრანსპორტით აგვისტოს პირველ 23 დღეში, იუწყება Ukragroconsult.

თუმცა, ჯერ კიდევ გასარკვევია, შეიძლება თუ არა მიწოდების კიდევ უფრო დაჩქარება, რადგან უკრაინული ძალები კონტრშეტევას იწყებენ ქვეყნის სამხრეთში. ომამდე შავი ზღვის პორტებით ყოველთვიურად 5-დან 6 მილიონ ტონამდე მარცვლეული იგზავნებოდა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ, რომელიც შუამავლობდა უკრაინის პორტებში ბლოკირების მოხსნის შეთანხმებას, ხაზი გაუსვა მყიდველებისთვის რუსული სასუქებისა და სასოფლო-სამეურნეო საქონლის მიწოდების მნიშვნელობას.

Agritel-ის ინფორმაციით, რუსული ექსპორტი მცირედით გაიზრდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ხორბლის მსოფლიო ბაზრისთვის. IKAR-ი სექტემბერში ექსპორტის 4 მილიონ ტონამდე ზრდის მოლოდინშია, თუმცა ეს მაინც ნაკლები იქნება, ვიდრე ერთი წლით ადრე ექსპორტირებული 4,7 მილიონი ტონა.

“ხორბლის წარმოება შავი ზღვის ფარგლებს გარეთ უმსხვილესი ექსპორტიორის მიერ, შარშანდელთან შედარებით პრაქტიკულად უცვლელია. ეს მათ არ მისცემს საშუალებას, დაფარონ უკრაინის ან რუსეთის დანაკლისი”, - განაცხადა Agritel-ის ანალიტიკოსმა ნათან კორდიემ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ეინ ქუინი