LIVE

საქართველოში ინტერნეტი შინამეურნეობების 88.4%-ს აქვს - საქსტატი

01 სექ 202214:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 998
საქართველოში ინტერნეტი შინამეურნეობების 88.4%-ს აქვს - საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წელს საქართველოში ინტერნეტით, შინამეურნეობების 88.4%-ია უზრუნველყოფილი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2.3 პროცენტული პუნქტით აღემატება. ინტერნეტით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების წილი საქალაქო დასახლებებში 1.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 3.5 პროცენტული პუნქტით. შესაბამისად, 92.8% და 82.4% შეადგინა. რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისსა (94.8%) და აჭარაში (93.3%) დაფიქსირდა.

შინამეურნეობებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების 2022 წლის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ბოლო სამ თვეში, 15 წლის და უფროსი ასაკის ინტერნეტის მომხმარებელ მოსახლეობაში, ინტერნეტის გამოყენების ძირითად მიზნებს წარმოადგენდა სოციალური ქსელების გამოყენება (95.9%), ინტერნეტ (აუდიო/ვიდეო) კავშირი (91.2%), ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის მოძიება (51.4%), ონლაინ ახალი ამბების/ გაზეთების/ჟურნალების წაკითხვა (49.3%), საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მოძიება (43.3%), ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობა (41.3%), ელ. ფოსტის მიღება/გაგზავნა (40.1%), პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის (გარდა თამაშებისა) ჩამოტვირთვა (17.7%) და სამუშაოს ძიება ან სამუშაოსთვის აპლიკაციების გაგზავნა (14.1%).

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ბოლო 3 თვის განმავლობაში ინტერნეტით ისარგებლა 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 79.8%-მა, რაც 2.4 პროცენტული პუნქტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, ინტერნეტის გამოყენების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 15-29 წლის მოსახლეობაშია და 98.7%-ს შეადგენს.

15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობიდან, რომლებიც ბოლო 3 თვის განმავლობაში სარგებლობდნენ ინტერნეტით, 92.8% ინტერნეტს ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე მოიხმარდა, 6.4% - კვირაში ერთხელ მაინც (თუმცა არა ყოველდღე), 0.8% კი - უფრო იშვიათად.

რაც შეეხება კომპიუტერით უზრუნველყოფას, მიმდინარე წელს საქართველოში კომპიუტერით შინამეურნეობების 60.3%-ია უზრუნველყოფილი. აღნიშნულმა მაჩვენებელმა საქალაქო დასახლებებში 70.7% შეადგინა, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 46.1%. რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისსა (73.6%) და აჭარაშია (62.7%).

საქსტატის თანახმად, ბოლო 3 თვის განმავლობაში, კომპიუტერით ისარგებლა 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 54.4%-მა. კომპიუტერის მომხმარებელთა ყველაზე მაღალი წილი 6-14 წლის მოსახლეობაში დაფიქსირდა და 80.7% შეადგინა.

ივნისი-აგვისტოს მონაცემებით, 15 წლის და უფროსი ასაკის კომპიუტერის მომხმარებელთა 74% კომპიუტერით ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე სარგებლობდა, 17.9% - კვირაში ერთხელ მაინც, 8.1% კი - უფრო იშვიათად.

ამასთან, საქსტატის თანახმად, საქართველოში 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 88.1% ფლობს მობილურ ტელეფონს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.8 პროცენტული პუნქტით მეტია. აღნიშნული მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 2.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 1.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და შესაბამისად, 92% და 82% შეადგინა.