LIVE

გერმანიაში ინფლაციამ ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია

30 აგვ 202220:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 572
გერმანიაში ინფლაციამ ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია

გერმანიის ინფლაციამ ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია. ევროპის უდიდეს ეკონომიკაში სამომხმარებლო ფასები აგვისტოში, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, 8,8%-ით გაიზარდა, რაც Bloomberg-ის გამოკითხვის მედიანურ შეფასებას ემთხვევა.

გერმანიის სტატისტიკის ოფისის მიხედვით, ფასების ზრდაში სურსათისა და ენერგიის ხარჯები ლიდერობენ. თუმცა მათი ზეგავლენა ნაწილობრივ კომპენსირდება მთავრობის დროებითი დახმარებით, მათ შორის საწვავის ფასდაკლებით და ულტრა იაფი საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

თუმცა, ეს ზომები მალე აღარ იქნება ძალაში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ფასების ზრდა კიდევ უფრო დაჩქარდება. ევროზონის ინფლაციის მონაცემები, რომელიც ოთხშაბათს გამოქვეყნდება, სავარაუდოდ, კიდევ ერთ რეკორდულ ზრდას აჩვენებს და 9%-ს მიაღწევს.

Bundesbank-ი გერმანიაში 2022 წლის ბოლო კვარტლისთვის დაახლოებით 10%-იან ინფლაციას პროგნოზირებს. ბანკი მიიჩნევს, რომ პერსპექტივა სასაქონლო ბაზრებზე გაურკვევლობის ფონზე ძალიან ბუნდოვანია.

აღსანიშნავია, რომ ECB-ი არა მხოლოდ უპრეცედენტო ინფლაციის გამოწვევის, არამედ ცხოვრების ხარჯების კრიზისის წინაშეც დგას, რომელიც, ზოგიერთი ანალიტიკოსის თქმით, უკვე იწვევს რეცესიას 19 ქვეყნის ბლოკში.

მიუხედავად იმისა, რომ ECB-ის მონეტარული პოლიტიკის შემქმნელები, სავარაუდოდ, 8 სექტემბერს განაკვეთებს ნახევარი პუნქტით გაზრდიან, ზოგიერთმა წამოაყენა იდეა უფრო დიდი, 75 საბაზისო პუნქტით გაზრდის შესახებ, რაც აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის აგრესიული ნაბიჯების მსგავსი იქნება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალექსანდრ ვებერი