
როგორც ჩანს, ბიტკოინი კრიპტო ბაზარზე ფართო ვარდნის ფონზე $20,000-იან დონეს ინარჩუნებს, რაც ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ განაკვეთების ზრდის პოლიტიკის გამო შეშფოთებას მოჰყვა.
უმსხვილესი კრიპტოვალუტის ფასი ნიუ-იორკში დილის 7:45 საათისთვის მცირედით შეიცვალა. ეს მას შემდეგ, რაც აშშ-ის აქციებთან ერთად, ორდღიანი ვარდნის შედეგად ღირებულების 7.6% დაკარგა. ვარდნა ჯექსონ ჰოლის კონფერენციაზე Fed-ის თავმჯდომარის ჯერომ პაუელის გამოსვლას მოჰყვა.
თუმცა, უფრო ფართო კრიპტო ბაზარმა ვარდნა დღესაც განაგრძო. MVIS CryptoCompare Digital Assets 100 ინდექსი კლების ზედიზედ მეოთხე დღეს კიდევ 1%-ით დაეცა.
$20,000 ბიტკოინის მხარდამჭერი დონეა მას შემდეგ, რაც ციფრული ვალუტა ბოლო თვეებში შედარებით დაბალ დონეებს შეეხო. შაბათს უმსხვილესმა კრიპტოვალუტამ $20,000-იანი დონე 14 ივლისის შემდეგ პირველად გაარღვია.
აღსანიშნავია, რომ კრიპტო ბაზარზე რყევები გაურკვევლობის ფონზე დაიწყო, რაც Fed-ის განაკვეთის ზრდის პოლიტიკას და სარისკო აქტივებზე მის სავარაუდო გავლენას უკავშირდება.
უამრავი სტრატეგი ბიტკოინის ფასისთვის $20,000-ს საკვანძო დონედ ასახელებს, თუმცა მხარდაჭერის დონემ შესაძლოა უფრო ქვემოთაც ჩამოინაცვლოს.
მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტა ეთერიუმი ასევე სტაბილურად ინარჩუნებს $1,500-იან დონეს. ეს მას შემდეგ, რაც წინა ორი დღის განმავლობაში 13%-ით დაეცა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯოანა ოსინგერი