
საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი თურქეთი იყო (1 მლრდ 521 მლნ აშშ დოლარი), მეორე პოზიცია დაიკავა რუსეთმა (1 მლრდ 214 მლნ აშშ დოლარი), მესამე კი - ჩინეთმა (1 მლრდ 095 მლნ აშშ დოლარი).
სტატისტიკა აჩვენებს, რომ იანვარ-ივლისის პერიოდში, საქართველოში რუსეთიდან იმპორტი, წლიურად 60.4%-ით გაიზარდა. მთლიან იმპორტში კი რუსეთის წილი 12.3% იყო. რუსეთიდან საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობით შემოვიდა: ნავთობი და ნავთობპროდუქტები; ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები; ხორბლის, ან ხორბალ-ჭვავის ფქვილი; კოქსი და ნახევარკოქსი, ასევე მარგარინი.
იანვარ-ივლისში საქართველოდან რუსეთში ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.1%-ით გაიზარდა და მთლიანი ექსპორტის 10.9% შეადგინა. რუსეთის ბაზარზე საქართველომ დიდი მოცულობით გაიყიდა: ფეროშენადნობები; ყურძნის ნატურალური ღვინო; სპირტიანი სასმელები; მინერალური და მტკნარი წყლები, ასევე მსუბუქი ავტომობილები (ცალი).
2022 წლის პირველ 7 თვეში საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყანა ჩინეთი იყო (475.6 მლნ აშშ დოლარი), შემდეგ მოდიოდა აზერბაიჯანი (351.5 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთი (339.1 მლნ აშშ დოლარი).
სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 621.0 მლნ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 20%-ს შეადგენდა. მეორე პოზიციაზე იყო მსუბუქი ავტომობილები 370.8 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 12%), ხოლო მესამეზე - ფეროშენადნობები 354.3 მლნ აშშ დოლარით (11.4%).
იანვარ-ივლისის მონაცემებით, უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის ჩამონათვალში პირველ პოზიციაზე თურქეთია (1 მლრდ 226 მლნ აშშ დოლარი), მეორეზე - რუსეთი (874.9 მლნ აშშ დოლარი), მესამეზე კი - ჩინეთი (619.0 მლნ აშშ დოლარი).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 759.7 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 10.7% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 718.8 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 10.1%), ხოლო მესამეს - სპილენძის მადნები და კონცენტრატები 490.9 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 6.9%).
საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10 მლრდ 188 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 35.3%-ით მეტია. იანვარ-ივლისში ექსპორტი 3 მლრდ 101 მლნ აშშ დოლარი იყო (36.4%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 7 მლრდ 087 მლნ აშშ დოლარი (34.8%-ით მეტი).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 3 მლრდ 987 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.1% შეადგინა.
შეგახსენებთ, საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 25.6%-ით გაიზარდა და 14 მლრდ 315 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.