LIVE

მთავრობამ განმეორებით აუქციონზე, ქუთაისში 22 ობიექტიდან მხოლოდ 2 გაყიდა

18 აგვ 202217:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 592
მთავრობამ განმეორებით აუქციონზე, ქუთაისში 22 ობიექტიდან მხოლოდ 2 გაყიდა

განმეორებით აუქციონზე, ქუთაისში მდებარე 22 სახელმწიფო ქონებიდან, მხოლოდ 2 გაყიდა, 20 აუქციონი არ შედგა. ობიექტების საერთო საწყისი ღირებულება 41 279 250 ლარი იყო. პრივატიზაციიდან მიღებული შემოსავალი კი 1 224 500 ლარია.  

ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებული აუქციონები დღეს დასრულდა და შედეგად ინვესტორი ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩა N1, ჩიხი N2ა-ში მდებარე 24381 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს გამოუჩნდა. ობიექტის საწყისი ფასი 908 000 ლარი იყო და 918 000 ლარად გაიყიდა.

მეორე ობიექტი, რომლითაც კერძო სექტორი დაინტერესდა, ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე N14ა-ში მდებარე 6274 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობებია. საწყისი ფასი 172 500 ლარს შეადგენდა, საბოლოოდ კი ინვესტორმა ობიექტში 306 500 ლარი გადაიხადა. 

22 უძრავი ქონებიდან ყველაზე ძვირად, 10 055 000 ლარად, ქუთაისის ყოფილი საკონსერვო ქარხანა იყიდებოდა.

ცნობისთვის, დღეს ასევე დასრულდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ფარცხანაყანებში მდებარე 158325 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი. მისი გასაყიდი ფასი 2 150 000 ლარი იყო, თუმცა კერძო სექტორი უძრავი ქონებით არ დაინტერესდა.

შეგახსენებთ, მთავრობამ იმერეთის რეგიონში არსებული 24 სახელმწიფო ქონება აუქციონზე პირველად 21 ივნისს გამოიტანა და მხოლოდ ერთი გაყიდა