LIVE
ვიდეო
27 ივლ, 2022 13:36
გვენეტაძე: ინფლაცია მძიმე ტვირთია მოქალაქეებისთვის, მესმის მათი შეშფოთების და გაბრაზების
843

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, ხედავს სირთულეებს, რომლებსაც მოქალაქეებს მაღალი ინფლაცია უქმნის.

სებ-ის პრეზიდენტმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ინფლაცია გლობალური გამოწვევაა და საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება.

"ინფლაცია არის მაღალი, ძალიან ცხადად ვხედავ სირთულეებს, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ. ინფლაცია მძიმე ტვირთია მოქალაქეებისთვის, მესმის მათი შეშფოთების და გაბრაზების, რადგან ინფლაცია მათ ცხოვრებას აძვირებს, მაგრამ მსურს მათაც ავუხსნა, რომ დღეს ვსაუბრობთ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი მსოფლიოს გლობალური შოკებისა და კრიზისის გავლენის შესახებ",- განაცხადა კობა გვენეტაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას.

მან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ეროვნული ბანკი ზოგჯერ არაპოპულარულ, მტკივნეულ, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილებებს იღებს".

შეგახსენებთ, საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის ივნისში, წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 12.8% შეადგინა. უკვე ერთი წელია საქართველოში ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება ეროვნული ბანკის მიზნობრივ, 3%-იან მაჩვენებელს. ამ ფონზე სებ-ი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს. 22 ივნისის სხდომაზე, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა

სებ-ის ძირითადი, ანუ საბაზო სცენარის მიხედვით, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.5%-ით გაიზრდება, წლიური ინფლაცია 9.5% იქნება, ხოლო რეფინანსირების განაკვეთი 10.5%-მდე შემცირდება

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ