LIVE
ვიდეო
09 მაი, 2022 11:20
ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ს კიდევ ერთხელ უჩივის
1762

პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ამჯერად შვეიცარიული ბანკის Credit Suisse-ის მიერ დანიშნულ რწმუნებულს, Green Vals Trust-ს უჩივის

PR კომპანია, რომელიც ივანიშვილის ინტერესებს იცავს, აცხადებს, რომ რწმუნებულმა ბენეფიციარების აქტივების მართვასთან დაკავშირებული ვალდებულებები დაარღვია და კლიენტის კანონიერი ინტერესები არ დაიცვა. სარჩელი გერნსის კუნძულის სასამართლოში შევიდა. 

2022 წლის 4 მარტს, ივანიშვილმა თანხის მიღება მოითხოვა. მოთხოვნა რწმუნებულმა მხოლოდ 2022 წლის 4 აპრილს დააკმაყოფილა, რამაც მილიარდერს ფინანსური ზიანი მიაყენა. 

შეფერხების მიზეზად Green Vals Trust-მა "აღმოსავლეთ ევროპაში გეოპოლიტიკური გარემო" დაასახელა. PR კომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ივანიშვილს არ აქვს კავშირი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან და ის დასავლეთის მიერ სანქცირებული არ არის. ამის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია საჯაროდ, თუმცა რწმუნებულმა ვერ შეძლო მისი გადამოწმება. ამის გამო, კომპანია ვარაუდობს, რომ ივანიშვილი არა მხოლოდ დისკრიმინირებული იყო რწმუნებულის მიერ, არამედ ექვემდებარება Credit Suisse-ის მხრიდან პოლიტიკური ზეწოლის კამპანიას.

2022 წლის 4 მარტის მოთხოვნის შეუსრულებლობა არ იყო ერთადერთი პრობლემა. რწმუნებული იმავენაირად მოიქცა კლიენტის მიერ 2022 წლის 14 აპრილის ინსტრუქციის შემდეგაც, როცა ივანიშვილმა თანხების შემდგომი განაწილებისთვის წერილობითი ინსტრუქციები გასცა.

"ბატონი ივანიშვილი უკიდურესად უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ განაგრძობს ბანკი მისი აქტივების მართვას. ფაქტობრივად, ჩვენ ვართ ისეთ სიტუაციაში, როცა თანხის რწმუნებულის ქმედებები სრულიად ეწინააღმდეგება მის მიზანს და პრინციპებს. რეალობა ის არის, რომ ქმედებები ურთიერთგამომრიცხავია, არ გააჩნიათ დასაბუთება და ქმნიან სახიფათო პრეცედენტს. ბენეფიციარების ეს პოზიცია მკაფიოდ არის  ჩამოყალიბებული  2022 წლის 14 და 29 აპრილის წერილებში, რომლებსაც რწმუნებულმა არ უპასუხა, რადგან ცხადია, მას სათქმელი აღარაფერი აქვს.

ყველაზე საინტერესოა, რომ ბანკი თავის ქმედებებსა თუ უმოქმედობებს საერთაშორისო პოლიტიკას უკავშირებს, რაც პოლიტიკური ზეწოლის ფორმას იღებს. კლიენტს აქვს საკუთარი ახსნა ამ განვითარებასთან დაკავშირებით და დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით. ეს არ არის დაკავშირებული კლიენტსა და ბანკს შორის სასამართლო დავასთან ან მის შედეგებთან – სამართლებრივი დავების შედეგები ძირითადად ნათელი და განჭვრეტადია", - აღნიშნულია განცხადებაში. 

შვეიცარიული ბანკის და მისი განყოფილებების წინააღმდეგ  ივანიშვილის დავა მრავალი წელია მიმდინარეობს. 2022 წლის 29 მარტს, ბერმუდის უზენაესმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა მოსარჩელეების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების სარჩელი. აღსანიშნავია, რომ სინგაპურის სასამართლო დავის შემდეგ თავს 2022 წლის სექტემბერში განიხილავს. ამ ორ საქმეს შორის მსგავსების გათვალისწინებით, ვარაუდობენ, რომ ივანიშვილის სარჩელი შესაძლოა, წარმატებული აღმოჩნდეს. 

პირველი კვარტლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, Credit Suisse მოელის, რომ ბერმუდის სასამართლოში წაგებული საქმე დაახლოებით $600 მილიონი დაუჯდება. კლიენტებთან ურთიერთობის ნაწილში ძირითად რისკად ბანკი რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებულ სანქციებს ასახელებს და აღნიშნავს, რომ „აფასებს უკვე დაწესებული სანქციების, რუსეთის მთავრობის კონტრზომებისა და პოტენციური ესკალაციების გავლენას“. ამასთან, ანგარიშიდან ირკვევა, რომ შვეიცარიულმა ბანკმა მდიდარი კლიენტების $10,6 მილიარდის აქტივები გაყინა რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით დაწესებული სანქციების გამო. ჯგუფი მიუთითებს, რომ ამჟამად ახორციელებს რისკების მონიტორინგს რუს კონტრაგენტებთან დაკავშირებულ ღია ტრანზაქციებზე. იქიდან გამომდინარე, რომ ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი კომპანია ბანკის მხრიდან "პოლიტიკურ ზეწოლაზე" მიუთითებს, Credit Suisse-ისა და ივანიშვილის სამომავლო ურთიერთობა შესაძლოა, სწორედ ქართველი მილიარდერის რუსეთთან კავშირმა განსაზღვროს. 2012-2019 წლებში ივანიშვილი 10 რუსულ კომპანიას ფლობდა, მინიმუმ ერთს კვლავ ფლობს, ამასთან კვლავ აქვს კავშირი სანქცირებულ რუს ოლიგარქებთან. ამას მოწმობს 25 აპრილს გავრცელებული აუდიოჩანაწერებიც, რომლებიც ბიძინა ივანიშვილსა და ​სანქცირებულ რუს ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის საუბარს ასახავს.

ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო მედიისთვის პრესკონფერენციების გამართვას გეგმავს, სადაც Credit Suisse-ისა და შვეიცარიული საბანკო სისტემების მუშაობის შესახებ ისაუბრებს. 

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ