LIVE
ვიდეო
11 მაი, 2022 12:04
ადვოკატი: ივანიშვილს ხელოვნების ნიმუშებისა თუ ვერტმფრენის გადაადგილების პრობლემა შეექმნა
1814

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, იურიდიული ფირმა "ემ ქეი დის" უფროსი პარტნიორი ვიქტორ ყიფიანი Credit Suisse საბანკო ჯგუფის მიმართ დავის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

ადვოკატი აცხადებს, რომ ივანიშვილის მხრიდან საბანკო ჯგუფთან გლობალურად წარმოებულ კომპლექსურ დავას ბოლო პერიოდში რამდენიმე სხვა ფაქტი საეჭვოდ დაემთხვა. მისივე თქმით, არცერთი მათგანი არც აღნიშნულ დავასთან და არც ორგანიზაცია Credit Suisse-სთან კავშირში არ არის. 

"ამა წლის მარტიდან მოყოლებული აპრილის შუა რიცხვებამდე ბატონ ივანიშვილს გარკვეული შეფერხებები შეექმნა ლონდონიდან და ნიუ იორკიდან ხელოვნების ნიმუშების დროულ და შეუფერხებელ გადაადგილებაში. წარმოქმნილი შეფერხებები – რომლებიც შედარებით იოლად გადაილახა ნიუ იორკში, ხოლო უფრო რთულად ლონდონში – საბოლოოდ გადაიჭრა სამართლებრივი და სხვა არხებით. ასევე, დროში უცნაურად ემთხვევა ბატონი ივანიშვილის მიერ გერმანიაში ძველის ჩაბარების სანაცვლოდ შეძენილი ახალი ვერტმფრენის საქართველოში ჩამოყვანასთან დაკავშირებულ გართულებას. მაშინ, როდესაც ის მარტის დასაწყისში უნდა ყოფილიყო თბილისში, რეალურად მისი ჩამოყვანა შუა აპრილში მოხდა, თუმცა ეს ხელოვნურად შექმნილი პრობლემა ბატონი ივანიშვილის მიერ იურიდიული გზებით მოგვარდა", - აღნიშნავს ყიფიანი. 

ადვოკატი აცხადებს, რომ ივანიშვილს სურს, შვეიცარიულ ბანკთან ყველა უთანხმოება სამართლებრივი გზებით გადაიჭრას. მისი შეფასებით, ამ მიზნით პროგრესი უკვე თვალშისაცემია. მიმდინარე წელს ბერმუდას სასამართლოში მიღწეული წარმატების შემდეგ, ყიფიანი აცხადებს, რომ ასევე წარმატებული იქნება სექტემბერში სინგაპურში დაგეგმილი პროცესი. 

"თუმცა, ბერმუდასა და სინგაპურში პროცესების პარალელურად თავი იჩინა საბანკო ჯგუფის მხრიდან მისი მნიშვნელოვანი კლიენტის უფლებების ახალი ტიპის დარღვევებმა, რაც საბანკო ტრასტზე კლიენტის მიერ გადარიცხვებზე გაცემული დავალებების დროულად და ჯეროვნად შესრულებაზე უარში გამოიხატა. მეტიც დავალებების შეუსრულებლობას არავითარი დასაბუთებული ახსნა არ მოჰყვა, ხოლო ბატონი ივანიშვილის წარმომადგენლებისგან საბანკო ჯგუფის ტრასტზე გასული ბოლოდროინდელი კორესპონდენცია რამდენიმე კვირა პასუხგაუცემელი იყო. მეტიც, ტრასტთან მიმართებაში უთანხმოება დღემდე არ არის აღმოფხვრილი. სწორედ რომ ტრასტის მხრიდან ასეთმა დამოკიდებულებამ განაპირობა ბატონი ივანიშვილის „კრედიტ სუისის“ ტრასტის მიმართ უკვე მორიგი, ამჯერად გერნსის იურისდიქციაში, სარჩელის შეტანა. აქვე განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია კავშირის არქონა „კრედიტ სუისის“ საბანკო ჯგუფის წინააღმდეგ აქამდე წარმოებულ სასამართლო პროცესებსა და საბანკო ტრასტის მიერ ხსენებულ გადარიცხვებზე შექმნილ შეფერხებებს შორის: თუკი პირველ შემთხვევაში დავა წარმოებს იმ ზიანზე, რაც ბატონმა ივანიშვილმა განიცადა შვეიცარიული ბანკის საქმიანობაში უმძიმესი სტრუქტურული დარღვევების შედეგად და იგი სწორედ რომ ამ ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს, საბანკო ტრასტის მხრიდან გადარიცხვები აბსოლუტურად განყენებულ აქტივებს ეხება", - აცხადებს ადვოკატი. 

ადვოკატი აღნიშნავს, რომ ისევე როგორც ხელოვნების ნიმუშებისა თუ ვერტმფრენის შემთხვევაში, ტრასტთან უთანხმოების გადაჭრა სამართლებრივ რეჟიმში იწარმოებს. "ცხადია, რომ ეს სიმტკიცე და შეუვალობა საბანკო ჯგუფს არც სამართლებრივად და არც რეპუტაციულად კარგს არაფერს უქადის", - ამბობს ყიფიანი და აღნიშნავს, რომ დამატებითი შეფასების საჭიროების შემთხვევაში, ივანიშვილი პრესკონფერენციებს მიმართავს. 

ყიფიანი წერილში საზოგადოებასაც მიმართავს და საკითხზე ემოციებით მსჯელობისგან თავის შეკავებას ურჩევს. წერილის ბოლოს ის მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება. 

"ჩვენი ქვეყანა მეტად რთულ დროში, ასევე მეტად რთული გეოპოლიტიკური პროცესების გზაჯვარედინზე მოექცა. სახეზეა არაერთი გამოწვევა, რაც ქვეყნის სტაბილურ და პროგნოზირებად განვითარებას რეალურ საფრთხეს უქმნის. ყოველივე ამაზე მეც ხშირად მიწევს საჯარო საუბარი, ამჯერად უკვე განსხვავებულ ამპლუაში. პირადი შეფასებაა, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში მაქსიმალური კეთდება, რათა ქვეყანას შეექმნას უსაფრთხო და სტაბილური განვითარების გარემო, დაძლეულ იქნას არსებული გამოწვევები. ამასთანავე, ბატონი ივანიშვილის მიმართ ნებისმიერი კითხვა თუ როგორია მისი პირადი პოზიცია ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, ეს პოზიცია სწორედ რომ საქართველოს განვითარებისა და მისი საზოგადოების ინტერესებს უკავშირდება. ბატონ ივანიშვილთან ჩემი საადვოკატო საქმიანობის შედეგად მუდმივი კომუნიკაცია სრულ საფუძველს მაძლევს განვაცხადო, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესების მხრივ მის პოზიციასა და დამოკიდებულებაში ოდნავი ეჭვის შეტანაც კი აბსოლუტურად უსაფუძვლოა“, – აღნიშნულია ვიქტორ ყიფიანის განცხადებაში.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ამჯერად შვეიცარიული ბანკის Credit Suisse-ის მიერ დანიშნულ რწმუნებულს, Green Vals Trust-ს უჩივის და ბანკს პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს.

PR კომპანია, რომელიც ივანიშვილის ინტერესებს იცავს, აცხადებს, რომ ტრასტმა ბენეფიციარების აქტივების მართვასთან დაკავშირებული ვალდებულებები დაარღვია და კლიენტის კანონიერი ინტერესები არ დაიცვა. ამასთან, კომპანია ხაზს უსვამს, რომ ივანიშვილს არ აქვს კავშირი რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან და ის დასავლეთის მიერ სანქცირებული არ არის.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ