Credit Suisse-მა რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებული სანქციების გამო პირველ კვარტალში $10.63 მილიარდის ღირებულების აქტივები გაყინა.
შვეიცარიულმა ბანკმა ასევე განაცხადა, რომ სიმდიდრის მართვის ბიზნესში რუსი კლიენტები ახლა 4%-ზე ნაკლებ აქტივებს ფლობენ.
გასულ კვირას ბანკმა ასევე გამოაქვეყნა პირველი კვარტლის წმინდა დანაკარგები, რომელიც 273 მილიონ შვეიცარიულ ფრანკს გაუტოლდა, რაც სასამართლო ვალდებულებებითა და უკრაინაში კონფლიქტთან დაკავშირებული 206 მილიონი ფრანკის ზარალით იყო გამოწვეული.
ბანკმა ასევე დააზუსტა, რომ სარჩელი, რომელიც ბერმუდის უზენაესმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა, სადაც "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახის წევრებიც იყვნენ მოსარჩელეები, დაახლოებით $600 მილიონი დაუჯდება.
ბერმუდის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს და მისი ოჯახის წევრებს ბანკის ადგილობრივი სადაზღვევო ფილიალისგან $500 მილიონის ზარალი მიადგათ. Credit Suisse-მა ასევე დასძინა, რომ განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.
შვეიცარიული ბანკის და მისი განყოფილებების წინააღმდეგ ივანიშვილის დავა მრავალი წელია მიმდინარეობს. ივანიშვილი ამჯერად ბანკს პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს და Credit Suisse-ის მიერ დანიშნულ რწმუნებულს, Green Vals Trust-ს ვალდებულებების დარღვევისა და კლიენტის ინტერესების არ დაცვის გამო უჩივის. თანხის მოთხოვნასთან დაკავშირებული შეფერხებების მიზეზად, რომელიც ივანიშვილმა 4 მარტს მოითხოვა და 4 აპრილს მიიღო, რწმუნებული აღმოსავლეთ ევროპაში გეოპოლიტიკური გარემოს ასახელებს. თავის მხრივ, PR კომპანია, რომელიც ივანიშვილის ინტერესებს იცავს, აცხადებს, რომ ივანიშვილს არ აქვს კავშირი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან და ის დასავლეთის მიერ სანქცირებული არ არის.
Credit Suisse-მა ასევე განაცხადა, რომ ის მუდმივ რეჟიმში აკვირდება უკვე დაწესებული სანქციების ეფექტებს, რუსული მხარის კონტრზომებსა და პოტენციურ ესკალაციას მომავალში, რომელსაც მათ კლიენტებსა და ურთიერთობებზე ექნება გავლენა. გარდა ამისა, ჩინეთში COVID-19-თან დაკავშირებულ ლოკდაუნებს, რომლებმაც გლობალური მიწოდების ჯაჭვებისა და მზარდი ინფლაციის გარშემო შფოთები გაზარდა.