„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან უკვე მეორედ მიდის. როგორც თავად ამბობს, ამჯერად საბოლოოდ - ტოვებს პარტიის თავმჯდომარის პოსტსაც და თავად პარტიასაც.
მილიარდერი მიიჩნევს, რომ მისი „მისია შესრულებულია“. საკუთარი გადაწყვეტილება ივანიშვილმა ღია წერილით ახსნა და მისი გუნდის მმართველობის 8 წლის შედეგებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ცხრა წლის წინ, როცა პოლიტიკაში მოსვლას გეგმავდა, ერთ-ერთი მთავარი მიზანი "რეალურად საინტერესო საინვესტიციო გარემოს შექმნა" და ერთი ჯგუფის მიერ მონოპოლიზებული ბიზნესის ნაცვლად, ქვეყანაში „ბიზნესის აღორძინებისთვის“ საფუძვლის ჩაყრა იყო.
„გავიხსენოთ ეკონომიკური ვითარებაც, როგორ იყო გაკონტროლებული ქვეყანაში ყველა ბიზნესაქტივობა, როგორ იყვნენ ბიზნესზე მომსხდარი პროკურატურა და ფინანსური პოლიცია, რამხელა იყო შიში, როგორი იყო რეალური საინვესტიციო გარემო. ხელისუფლებას მთლიანად მძევლად ჰყავდა აყვანილი მსხვილი ბიზნესი და მის მხარდასაჭერად უწევდა გარჯა. ბიზნესმა დაკარგა თავისი უმთავრესი მახასიათებელი, - გადაწყვეტილების თავისუფლად მიღების შესაძლებლობა. არათუ რამე გარიგება, ოდნავ დიდი ფინანსური ტრანზაქციაც კი, გენერალური პროკურორის ყოველდღიურ, პირად კონტროლს ექვემდებარებოდა. ასეთივე ხელოვნური იყო ეკონომიკაც, როდესაც ლარის კურსის დაჭერა ხდებოდა 2008 წლის წაგებული ომის სანაცვლოდ მიღებული დასავლეთის ფინანსური ინექციით. ეს იყო რამდენიმემილიარდიანი სესხი, რომელიც დღემდე ვალად აწევს ქვეყანას და ხალხს. დღეს ბიზნესი არათუ თავისუფალია, არამედ მისი იგივე წარმომადგენლები უკვე აღარც პოლიტიკურ განცხადებებს ერიდებიან და არც პოლიტიკაში მოსვლას,“ წერს მილიარდერი, რომელის მიმართ, გასული 8 წლის განმავლობაში, ყველაზე ხშირად ისმოდა ბრალდება, რომ ის არაფორმალური მმართველია და მის გარეშე არც ერთი გადაწყვეტილება თუ მსხვილი ბიზნეს გარიგება არ ხდება. ბიზნესმენი, რომლის პოლიტიკაში წასვლაზეც ივანიშვილი ამ პასაჟში საუბრობს, სავარაუდოდ მამუკა ხაზარაძეა, რომელმაც 2019 წელს ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ალაგებდა მილიარდერი საქმეებს ბიზნესმენებს შორის და განაცხადა, რომ „ივანიშვილი იყო პატარა სახელმწიფო“.
რაც შეეხება ლარს, 2012 წლის შემდეგ ეროვნული ვალუტა დაახლოებით 98%-ით გაუფასურდა. როცა ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, ლარის გაცვლითი კურსი დოლართან 1.66 ნიშნულზე იყო, დღეს - 3.3 ნიშნულზეა. სახელმწიფო ვალი კი წელს ჯამურად რეკორდულ მაჩვენებელს 33.7 მლრდ დოლარს აღწევს.
მიუხედავად ამისა, ბიძინა ივანიშვილი მის მიერ გატარებული პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შედეგად იმას მიიჩნევს, რომ „საბოლოოდ დაუსვა წერტილი ბიზნესში მთავრობის ფავორიტიზმს და ხელისუფლების გამდიდრებისათვის შექმნილ მონოპოლიებს“ და "შექმნა სიღარიბის დამარცხების საფუძვლები". თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოსახლეობის მეხუთედი აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს და ეს მაჩვენებელი ბოლო 5 წელია თითქმის არ იცვლება.
„ქართული ეკონომიკა დღეს სწორი და ოპტიმისტური მიმართულებით მოძრაობს, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსმა მკვეთრად შეკვეცა შიდა და გარე ინვესტორების აქტივობა. სამეწარმეო საქმიანობისა და კონკურენციისთვის ჩამოყალიბებულია მაქსიმალურად თავისუფალი და ტოლერანტული გარემო. ჩვენ საბოლოოდ დავუსვით წერტილი ბიზნესში მთავრობის ფავორიტიზმს და ხელისუფლების გამდიდრებისათვის შექმნილ მონოპოლიებს. „ქართულმა ოცნებამ“ დაამკვიდრა ხალხის ტირანიისგან დაცვის, ხელისუფლების დემოკრატიული კონტროლისა და გარანტირებული შეკავების საიმედო კონსტიტუციურ-სამართლებრივი სისტემა. სამუდამოდ დავასრულეთ პოლიტიკის ფორმირებაში სამართალდამცავი ორგანოებისა და უსაფრთხოების სამსახურების არაპროპორციული მონაწილეობის პრაქტიკა, რომელზეც ძირითადად დაფუძნებული იყო წინა ხელისუფლების დანაშაულებრივი საქმიანობა,“ აცხადებს მილიარდერი, თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი სწორედ სასამართლოს დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხია, რაზეც ბიზნესის წარმომადგენლები ღიად საუბრობენ.
და ბოლოს, მილიარდერი იმასაც წერს, რომ ყველაფერი ისე ან იმ ხარისხით არ გამოვიდა, როგორც ჩაფიქრებული ჰქონდა, თუმცა მისივე თქმით ამას „ობიექტური მიზეზები“ აქვს.
„იყო ხარვეზები და გადაცდომებიც. ქართველები, ძირითადად, ემოციური, მეოცნებე ხალხი ვართ და მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შესაძლებლობების თითქმის მაქსიმუმი გააკეთა, გულწრფელი ბოდიში მინდა მოვუხადო მათ, ვინც მეტს ელოდა ჩვენგან, ეკონომიკური მდგომარეობის უფრო სწრაფ გაუმჯობესებას ელოდა და იმედი გაუცრუვდა,“ ამბობს ბიძინა ივანიშვილი.