ყაზახეთში განვითარებული მოვლენების ფონზე მიხეილ ლომთაძის ქონება $1.8 მილიარდით შემცირდა.
Forbes-ის მიხედვით, წარმოშობით ქართველი, ყაზახეთში მომუშავე ბიზნესმენის ქონება ერთ დღეში 34.4%-ით, $3.4 მილიარდამდე შემცირდა და ამჟამად ლომთაძე უმდიდრესი ადამიანების სიაში 956-ე ადგილს იკავებს.
მედია წერს, რომ ყაზახეთში მომხდარი არეულობის პარალელურად, ლონდონის საფონდო ბირჟაზე მსხვილი ყაზახური კომპანიების აქციების ფასი დაეცა. მათ შორის, ყველაზე დიდი დანაკარგი სწორედ ლომთაძის Kaspi-ზე მოდის. 5 იანვარს კომპანიის აქციები ყველაზე მეტად, 30%-ზე მეტით, ხოლო Halyk Bank-ის აქციების ფასი თითქმის 20%-ით შემცირდა. ამავდროულად, ურანის უმსხვილესი მომპოვებლის, NAC Kazatomprom JSC-ის აქციები ლონდონში 7%-ით დაეცა. პარალელურად, ურანის ფასი 8%-ით გაიზარდა და $45.25 შეადგინა.
მიხეილ ლომთაძე რამდენიმე დღეა აღარ იძებნება Bloomberg-ის მილიარდერების სიაში. უმდიდრესი 500 ადამიანის ჩამონათვალს ის გასული წლის მეორე ნახევარში შეუერთდა. ნოემბერში ლომთაძემ სია პირველად დატოვა, თუმცა 500-ეულს მალევე დაუბრუნდა.
მიხეილ ლომთაძე Kaspi.kz-ის, ყაზახეთში უმსხვილესი გადახდისა და fintech-ის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორია. კომპანია ახორციელებს ონლაინ გადახდის, შოპინგისა და პირადი ფინანსების მომსახურებას ყაზახეთსა და აზერბაიჯანში. Kaspi.kz საჯაროდ ვაჭრობს ლონდონში. 2020 წელს კომპანიას დაახლოებით $6.7 მილიარდის აქტივები ჰქონდა.
ყაზახეთში გაზის გაძვირების გამო საპროტესტო გამოსვლები 2 იანვარს დაიწყო. მასობრივი პროტესტის ფონზე მთავრობა გადადგა. ამჟამად შეიარაღებული დაპირისპირებაა ქალაქ ალმათის მთავარ მოედანზე, სადაც 50-მდე სამხედრო ტექნიკაა განთავსებული, მათ შორის, ჯავშანტრანსპორტი და სამხედრო სატვირთო მანქანები შეიარაღებული უსაფრთხოების ძალებით. რუსული მედიის ცნობით, ადგილზე 200-მდე შეიარაღებული დემონსტრანტია.