LIVE
ვიდეო
12 იან, 2021 17:35
ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერობიდან მილიონერობამდე
1225

პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი იწრმუნება, რომ მისი ქონება 200 მილიონ დოლარს გაუტოლდება. ქვეყნის უმდიდრესი ადამიანი კუთვნილი მილიარდების სრულად ქველმოქმედებისთვის დახარჯვას გეგმავს. Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, ამჟამად, მისი აქტივების ღირებულება 5,7 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

ჟურნალ Entrepreneur-თან ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილი სრულად აღწერს მისი და მისი ოჯახის მიერ გაწეული ქველმოქმედების დეტალებს და ირწმუნება, რომ, უხეში გათვლებით, ამჟამად, მის განკარგულებაში კაპიტალის სახით, მხოლოდ 1,5 მილიარდი დოლარი რჩება, საიდანაც დიდი ნაწილი 30-31 დეკემბერს უკვე გადაირიცხა „ქართუს“ საქველმოქმედო ფონდში. ბიზნესმენის გათვლებით, საბოლოოდ, მისი ოჯახის მფლობელობაში მხოლოდ 200 მილიონი დოლარი დარჩება. დანარჩენი ქონება კი კვლავაც ქველმოქმედებას მოხმარდება.

ივანიშვილი ეჭვქვეშ აყენებს მსოფლიოს უმსხვილესი და გავლენიანი გამოცემების მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგებს და აღნიშნავს, რომ ის რეიტინგების შედგენაში მონაწილეობას არ იღებს - უკვე 10 წელზე მეტია აღარ თანამშრომლობს Forbes-თან, ხოლო Bloomberg-სთვის საკუთარი ქონების შესახებ ინფორმაცია არასოდეს მიუწოდებია.

თუმცა, ამის მიუხედავად, Bloomberg-ი საკუთარი მეთოდოლოგიით ადგენს მილიარდერების რეიტინგს, რომელშიც ივანიშვილი ამჟამად მსოფლიოს 500 უმდიდრეს ადამიანს შორის 461-ე ადგილს იკავებს. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ქონების დათვლის მეთოდოლოგია შემდეგია: იმის გათვალისწინებით, რომ გარკვეულ მონაცემებზე წვდომა შეუძლებელია, ბლუმბერს შეფასების ხუთ ვარსკვლავიან სისტემას იყენებს. ხუთი ვარსკვლავით ფასდებიან ის ბიზნესმენები, რომელთა ქონებაც მარტივად შესაფასებელი და დასათვლელია, რადგან ისინი საჯარო კომპანიებს ფლობენ და მათი აქციები საფონდო ბირჟებზეა განთავსებული. შესაბამისად, გამჭვირვალობის მაღალი მაჩვენებელი აქვთ და მონაცემები მათი რეალური ქონების იდენტურია.

ბიძინა ივანიშვილს სისტემაში მხოლოდ ერთი ვარსკვლავი აქვს მინიჭებული. რაც იმას ნიშნავს, რომ ბიზნესმენი იმ მილიარდერების სიაშია, რომელთა ქონების დათვლა არც თუ ისე მარტივია დახურული და გასაიდუმლოებული აქტივების გამო. მის კუთვნილ აქტივებზე, თუ სხვადასხვა კომპანიებში წილებზე ინფორმაციის მოძიება რთული და შეზღუდულია. შესაბამისად, ანალიზი შემოსავლებზე, საკუთრებაზე, ფინანსურ სახსრებსა და  სხვა მაჩვენებლებზე სპეციალურ დაშვებას მოითხოვს. იმისთვის, რომ მაქსიმალურად მიახლოებული მაჩვენებელი დაადგინოს, Bloomberg-ი აგროვებს ხელმისაწვდომ ინფორმაციას თუ სად რა აქტივს ფლობს ასეთი მილიარდერი და ამ აქტივების ღირებულების გამოსათვლელად მათ მსგავსი საჯარო კომპანიების მაჩვენებლებს ადარებს, ცდომილების სპეციალური ზღვრული მაჩვენებლის გამოყენებით. რაც მთავარია, თუ დახურული აქტივის მფლობელობა ვერ დგინდება, ეს მაჩვენებელი კალკულაციაში გათვალისწინებული არ არის. რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი რასაც ინდექსი ივანიშვილის ქონებაში მოიაზრებს, დადასტურებულად დადგენილია. 

ამასთან Bloomberg-ი თავად ივანიშვილის მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებულ განცხადებებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მისი საინვესტიციო სტრატეგია შემდეგია - თანხის 27% აქციებშია დაბანდებული, 36% ფიქსირებული შემოსავლის წყაროებში, 20% ნაღდი ფულია, 12% ალტერნატიული ინვესტიციებზე მოდის, ხოლო 5% - ნედლეულშია ინვესტირებული, რაც ენერგომატარებლებს, მეტალებს და სოფლის მეურნეობის პროდუქტებს მოიცავს. გარდა ამისა, მის მფლობელობაში არსებული ხელოვნების ნიმუშები მილიარდ დოლარად არის შეფასებული. როგორც მილიარდერმა განმარტა, უნიკალური ნახატების ეს კოლექციაც ქველმოქმედების მიზნით იქნება გამოყენებული. 

თუ ივანიშვილი დაპირებას შეასრულებს და აქტივებს სრულად „ფონდ ქართუს“ გადასცემს, ხოლო საბოლოოდ მართლაც 200 მილიონი დოლარი დარჩება განკარგვაში, როგორც თავად ირწმუნება, ეს იმას ნიშნავს, რომ ბიზნესმენი პლანეტის 500 უმდიდრესი ადამიანის რეიტინგს გამოეთიშება, რადგან დღესდღეობით, მე-500 პოზიციაზე მყოფი პირის ქონებაც კი $5 მილიარდს აჭარბებს.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ