LIVE
ვიდეო
26 სექ, 2023 11:50
სებ-მა ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომა ორი კვირით გადადო
332

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომა ორი კვირით გადადო. სხდომა ხვალ უნდა გამართულიყო. 

ოფიციალური ინფორმაციით, სხდომის გადადების მიზეზი სტატისტიკური მონაცემების მოლოდინია, თუმცა, შესაძლოა, ეს ვიცე-პრეზიდენტების მიერ ბანკის დატოვებას უკავშირდებოდეს, რადგან საბანკო ზედამხედველობის მიმართულებას სწორედ პაპუნა ლეჟავა ხელმძღვანელობს. 

ნათია თურნავას მიერ სანქციების შესრულების წესის ერთპიროვნულად შეცვლის შემდეგ, ეროვნული ბანკისა და შესაბამისად, ეროვნული ბანკის საბჭოს დატოვების გადაწყვეტილება, სებ-ის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამნიკოლოზ გაგუამ და არჩილ მესტვირიშვილმა მიიღო. ოფიციალურად ისინი ამ თანამდებობას ორი თვის შემდეგ დატოვებენ, თუმცა, სავარაუდოდ, ვიცე-პრეზიდენტები საბჭოს შეხვედრებს აღარ ესწრებიან. 

სებ-ის ვებგვერდის თანახმად, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი იკრიბება კვარტალში ერთხელ წინასწარ დადგენილი კალენდრის შესაბამისად. განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება მოწვეულ იქნას რიგგარეშე სხდომა.

კომიტეტის შემადგენლობაში შედიან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები, შესაბამისი დეპარტამენტებისა და განყოფილებების ხელმძღვანელები. კომიტეტს ხელმძღვანელობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. 

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი რეგულარულად აფასებს და აანალიზებს სისტემურ რისკებს, ფინანსური სექტორის ციკლურ პოზიციას და იღებს გადაწყვეტილებებს კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის შესახებ. აგრეთვე, ადგენს მაკროპრუდენციულ პოლიტიკის სხვა ინსტრუმენტებს, როგორიცაა: სესხის მომსახურების და უზრუნველყოფის კოეფიციენტების ლიმიტები; სექტორზე დამოკიდებული რისკის წონები; კაპიტალის დამატებითი მოთხოვნა სისტემური მნიშვნელობის ფინანსურ ინსტიტუტებზე და სხვა.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ