LIVE

ინგლისის ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი ისტორიულად გაზარდა

04 აგვ 202218:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 704
ინგლისის ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი ისტორიულად გაზარდა

ინგლისის ბანკმა მზარდი ფასების შესაჩერებლად რეფინანსირების განაკვეთი 1,25%-დან 1,75%-მდე გაზარდა. ეს გასული 27 წლის განმავლობაში ქვეყანაში განაკვეთის ყველაზე დიდი ზრდაა. 

ბანკი აცხადებს, რომ მიმდინარე წელს გაერთიანებულ სამეფოს რეცესია ემუქრება. ის ელის, რომ ეკონომიკა მიმდინარე წლის ბოლო სამ თვეში შემცირდება, რადგან გაზის ფასი ზრდას განაგრძობს. 

ბანკის შეფასებით, გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკური ზრდა უკვე შენელებულია.

"გაზის ფასების ბოლო ზრდამ გამოიწვია გაერთიანებული სამეფოსა და დანარჩენი ევროპის პერსპექტივის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გაუარესება", - აღნიშნულია განცხადებაში. 

მოსალოდნელია, რომ ენერგიის საშუალო გადასახადი ოქტომბერში 75%-ით, 3500 ფუნტამდე გაიზრდება, რაც ერთი წლის წინ პროგნოზირებულ რიცხვს სამჯერ აღემატება. ეს კიდევ უფრო დააჩქარებს ინფლაციას, რომელიც, ბანკის ვარაუდით, 13%-მდე გაიზრდება. 

ცენტრალური ბანკი ვარაუდობს, რომ რეცესია 2023 წლის ბოლომდე გაგრძელდება. 

დღეს ინგლისის ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი ზედიზედ უკვე მეექვსედ გაზარდა, რადგან ქვეყანა მაღალ ინფლაციას ებრძვის და მასზე კონტროლის მოპოვებას განაკვეთის გაზრდით ცდილობს. ტენდენციამ მოსახლეობას დაზოგვისკენ უნდა უბიძგოს, თუმცა, ამ ფონზე ბევრი ოჯახი კიდევ უფრო რთულ ვითარებაში აღმოჩნდება, მათ შორის, არიან ისინიც, ვისაც იპოთეკური სესხი აქვთ. 

ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განაკვეთის ზრდას მხარი 8 ხმით ერთის წინააღმდეგ დაუჭირა. ამჟამად გაერთიანებულ სამეფოს 9.4%-იანი ინფლაცია აქვს, რაც ბევრად აღემატება ბანკის 2%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს. თუ ინფლაცია 13%-მდე გაიზრდება, ეს 42 წლის განმავლობაში, ქვეყანაში ინფლაციის მაქსიმალური მაჩვენებელი იქნება.  

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: დევიდ გუდმანი და ლიბი ჩერი