LIVE

მთავრობამ წყალტუბოს 14 სანატორიუმიდან მხოლოდ 2 გაყიდა

04 აგვ 202217:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 699
მთავრობამ წყალტუბოს 14 სანატორიუმიდან მხოლოდ 2 გაყიდა

წყალტუბოში მდებარე 14 ყოფილი სანატორიუმიდან, რომლებიც სახელმწიფოს საკუთრებაშია, მხოლოდ 2 გაიყიდა, 12 აუქციონი კი არ შედგა

ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის შედეგად, ინვესტორი გამოუჩნდა ყოფილ სანატორიუმ „მედეას“, რომლის საწყისი ფასი 5 820 000 ლარი იყო, საინვესტიციო ვალდებულება კი 10 000 000 ლარს შეადგენს. ყოფილი სანატორიუმი 5 830 000 ლარად შპს „ასი გრუფ ჰოთელს ჯორჯიამ" იყიდა. 

მეორე ობიექტი, რომლითაც ინვესტორი დაინტერესდა ყოფილი სანატორიუმი „თბილისია“, უძრავი ქონების საწყისი ფასი 3 142 300 ლარი იყო, საინვესტიციო ვალდებულება 9 426 900 ლარია. ყოფილი სანატორიუმი 3 152 300 ლარად გაიყიდა. მისი მფლობელი შპს „აკა“ გახდა. 

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, დანარჩენ სანატორიუმებზე აუქციონების ვადა გახანგრძლივდა. უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ბიზნესსექტორის მხრიდან ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილთან გამართულ შეხვედრაზე გამოჩენილი მაღალი ინტერესისა და თხოვნის შედეგად მიიღეს.  

შეგახსენებთ, ქონების ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოში მდებარე 14 უძრავი ქონება გასაყიდად ელექტრონულ აუქციონზე ივლისში გამოიტანა. ობიექტების საერთო საწყისი ღირებულება 47 მლნ ლარს შეადგენდა. 

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ელის, რომ წყალტუბოს აღსადგენად 500 მლნ ლარის კერძო ინვესტიცია განხორციელდება. მისი განცხადებით, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, დამატებით, ათეულობით მილიონის ინვესტირება მოახდინოს იმისთვის, რომ წყალტუბო ბადენ-ბადენის დონის კურორტი გახდეს. 

2022 წლის საპრივატიზაციო გეგმის მიხედვით, მთავრობა ელის, რომ პრივატიზაციიდან 300 მლნ ლარს მიიღებს.