LIVE

ღარიბაშვილი: გასაყიდად გამოგვაქვს 14 სანატორიუმი წყალტუბოში

05 ივლ 202217:24
3 წუთის საკითხავი
clock clock 981
ღარიბაშვილი: გასაყიდად გამოგვაქვს 14 სანატორიუმი წყალტუბოში

საქართველოს მთავრობას წყალტუბოში მდებარე 14 სანატორიუმი გამოაქვს გასაყიდად. 

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ელის, რომ წყალტუბოს აღსადგენად 500 მილიონი ლარის კერძო ინვესტიცია განხორციელდება.

„კერძო სექტორისა და მთავრობის ძალისხმევით გვაქვს ამბიცია, რომ წყალტუბო გადავაქციოთ 21-ე საუკუნის თანამედროვე, მაგრამ ამავე დროს მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობის მქონე კურორტად. გასაყიდად გამოგვაქვს 14 სანატორიუმი, რომელთა ღირებულება, დაახლოებით, 50 მილიონ ლარს შეადგენს და ჩვენი მოლოდინია, რომ 500 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება წყალტუბოს აღსადგენად, ეს იქნება კერძო ინვესტიცია. დამატებით, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ ათეულობით მილიონის ინვესტირება მოახდინოს იმისთვის, რომ წყალტუბო თანამედროვე, მსოფლიო დონის სპა კურორტი გახდეს, როგორიც გვინახავ ევროპაში, ბადენ-ბადენი, კარლოვი ვარი თუ სხვა, წყალტუბოს აქვს პოტენციალი, გახდეს მსოფლიო დონის სპა კურორტი“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა წყალტუბოში, საინვესტიციო პროექტის - „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ - პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას. 

შეგახსენებთ, 2019 წლის ოქტომბერში პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოს კურორტის „აღორძინების“ ინიციატივით გამოვიდა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ წყალტუბოში გამოისყიდდა უკლებლივ ყველა, 22 სასტუმროს და მოახდენდა მათ სრულ რეაბილიტაციას, თუმცა საბოლოოდ მთავრობა აანონსებს, რომ სანატორიუმებს აუქციონზე გამოიტანს. შესაბამისად, კერძო ინვესტორებს შეეძლებათ ობიექტების ყიდვა, ინვესტირების ვალდებულებით.

აღსანიშნავია, რომ კურორტის რეაბილიტაციასა და განვითარებას გენერალური გეგმის არარსებობა აფერხებდა. ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ წყალტუბოს გენერალური გეგმა უკვე დამტკიცებულია.