LIVE

ჩინეთმა პელოსის ტაივანში ვიზიტამდე 100 ტაივანური ბრენდი აკრძალა

02 აგვ 202215:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 795
ჩინეთმა პელოსის ტაივანში ვიზიტამდე 100 ტაივანური ბრენდი აკრძალა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, ჩინეთმა ტაივანის  საკვების 100-ზე მეტი ექსპორტიორის გადაზიდვები აკრძალა, რაც ეკონომიკური ზეწოლის აშკარა მცდელობაა. 

ტაივანის გამოცემა United Daily News წერს, რომ ჩინეთის საბაჟოს გენერალურმა ადმინისტრაციამ აკრძალვის გადაწყვეტილება გუშინ მიიღო. აკრძალული პროდუქტების სიაში მოხვდა ჩაი, ზღვის პროდუქტები და თაფლი.

კიდევ ერთი მედიასაშუალების, Apple Daily-ის ინფორმაციით, აკრძალვის მიზეზად იმპორტის მოძველებული დოკუმენტაცია დასახელდა. ტაივანის სურსათისა და წამლების ადმინისტრაცია ცდილობს უფრო მეტი გაიგოს ამ პრობლემის შესახებ. 

ჩინეთის აკრძალვა არის პეკინის მიერ მიღებული ზომების სერიიდან უახლესი ნაბიჯი, რომელიც მიმართულია ტაივანის სოფლის მეურნეობის ინდუსტრიაზე ზეწოლისკენ.

სამხრეთ ტაივანის ბევრი ხილის მწარმოებელი რეგიონი, მხარს უჭერს პრეზიდენტ ცაი ინ-ვენის დემოკრატიულ "პროგრესულ პარტიას", რომელიც ტაივანის ოფიციალური დამოუკიდებლობის მომხრეა.

ჩინეთის კომუნისტური პარტია აცხადებს, რომ ტაივანი მისი ტერიტორიის ნაწილია, მიუხედავად იმისა, რომ ის კუნძულს არასოდეს აკონტროლებდა.

ჩინეთმა შარშან ტაივანიდან ანანასის იმპორტი აკრძალა, რასაც სხვა ხილის აკრძალვა მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ ტაივანში წარმოებული ხილის უმეტესობა შიდა მოხმარებისთვისაა განკუთვნილი, ექსპორტის დიდი ნაწილი ჩინეთში გადის.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ტაივანში დღეს საღამოს ელოდებიან. ჩინეთის ოფიციალური პირების განცხადებით, პელოსის ტაივანში ვიზიტი ჩინეთის მხრიდან "მძიმე შედეგებს" გამოიწვევს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სინდი ვანგი