LIVE

2021 წელს სასწრაფოს პირველადი სამედიცინო დახმარება 1.2 მლნ ადამიანს გაეწია - საქსტატი

29 ივლ 202212:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 973
2021 წელს სასწრაფოს პირველადი სამედიცინო დახმარება 1.2 მლნ ადამიანს გაეწია - საქსტატი

საქსტატმა 2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, გასულ წელს სასწრაფო დახმარების მეშვეობით პირველადი სამედიცინო დახმარება დაახლოებით, 1.2 მილიონ ადამიანს გაეწია. შემთხვევების 98.9% უცაბედ ავად გახდომას უკავშირდებოდა.

2021 წელს საქართველოში 268 საავადმყოფო ფუნქციონირებდა, საწოლფონდი კი 20.6 ათასს შეადგენდა, რაც 11%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 

გასულ წელს ქვეყანაში ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების რაოდენობა 2 272 იყო. აღნიშნულ დაწესებულებებში ექიმთან მიმართვების რიცხვი წლის განმავლობაში 15 003 გაუტოლდა, რაც 9.6%-ით აღემატება 2020 წლის შესაბამის მაჩვენებელს.

აღსანიშნავია, რომ სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული ექიმების რიცხოვნობა 22.5 ათასს შეადგენდა, ხოლო საექთნო პერსონალის რიცხოვნობა - 21.7 ათასს.

საქსტატის თანახმად, 2021 წელს 2020-თან შედარებით, პირველად დადგენილი დიაგნოზით რეგისტრირებული დაავადებების რაოდენობა გაიზარდა თითქმის ყველა დაავადებათა ძირითადი ჯგუფისთვის. კერძოდ, თვალისა და მისი დანამატების ავადმყოფობების მაჩვენებელი გაიზარდა 37.5%-ით, ენდოკრინული სისტემის, კვლევებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოვლენილი დაავადებების - 35.5%-ით, ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების - 34.3%-ით, ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემადგენელი ქსოვილების დაავადებების - 28.1%-ით, ხოლო ყურისა და დვრილისებრი მორჩის დაავადებების - 21.1%-ით. ბოლო ათწლიანი პერიოდის განმავლობაში, ყველაზე მაღალი მაჩვენებლები 2015 წელს ფიქსირდებოდა.

ავადობის ძირითადი ჯგუფებიდან მოსახლეობაში ყველაზე მეტად გავრცელებული იყო სასუნთქი სისტემის, სისხლის მიმოქცევის სისტემის, შარდ სასქესო სისტემის, ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემადგენელი ქსოვილების, ასევე თვალისა და მისი დანამატების დაავადებები.

2021 წელს შიდსით დაავადების ახალი შემთხვევების რაოდენობამ, წინა წლის ანალოგიურად, 530 ერთეული შეადგინა. 2021 წლის ბოლოსთვის შიდსით დაავადებულთა მთლიანი (კუმულატიური) რიცხოვნობა 9 162 ერთეულით განისაზღვრა, ხოლო წლის განმავლობაში დაფიქსირდა შიდსით გარდაცვალების 138 შემთხვევა.

გასულ წელს 10%-ით შემცირდა მოსახლეობის ავადობა ტუბერკულოზით და 1 647 ერთეული შეადგინა. ასევე, 11.2%-ით შემცირდა ახალი შემთხვევების რაოდენობა. ბოლო ათწლიანი პერიოდის განმავლობაში, ტუბერკულოზის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2012 წელს დაფიქსირდა (4 973 კაცი).