LIVE

რატომ გაიზარდა რუსეთიდან საწვავის იმპორტი - ლექვინაძის განმარტება

28 ივლ 202215:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 750
რატომ გაიზარდა რუსეთიდან საწვავის იმპორტი - ლექვინაძის განმარტება

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, საქართველოში რუსეთიდან იმპორტირებული საწვავის თვითღირებულება, სხვა ქვეყნებიდან შემოტანილზე 30-60 თეთრით ნაკლებია. მისი განმარტებით, ამითაა განპირობებული რუსეთიდან საწვავის იმპორტის ზრდა.

„რუსეთიდან იმპორტი გაზრდილია, ეს გამოწვეულია იმით, რომ დაახლოებით, 30-60 თეთრიანი სხვაობაა თვითღირებულებაში ამ ქვეყნიდან განხორციელებულ იმპორტსა და სხვა ქვეყნებიდან განხორციელებულ იმპორტს შორის. როცა საუბარია იმაზე, რომ მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია ბაზარზე იაფი პროდუქტი - ძალიან ბევრი ფაქტორის გამო, მათ შორის ინდუსტრიული და სამომხმარებლო მიმართულებით, ლოგიკურია, რომ ბიზნესი ამ მოთხოვნას პასუხობს. აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოში შემოსული ყველა ტვირთი მაქსიმალური კონტროლის ქვეშაა. იმ წყაროების საწვავი, რომელიც საქართველოში თუნდაც რუსეთიდან შემოდის, ასევე მიედინება ევროკავშირის ქვეყნებში. სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ვთქვათ, რომ ამ მიმართულებით პრობლემა არ არსებობს“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში.

მისი განმარტებით, 2022 წლის პირველი ოთხი თვისგან განსხვავებით, მაისი-ივნისის პერიოდში გაზრდილია იმპორტიორთა რაოდენობა. საქართველოში დაახლოებით 40-მდე იმპორტიორი ახორციელებს საწვავის შემოტანას.

„თუ პირველ 4 თვეში 3 მსხვილი კომპანიის წილი დაახლოებით 70%-ის ფარგლებში იყო, ახლა 60%-ის ფარგლებშია. ეს ნიშნავს, რომ იაფი წყაროების მოძიების შედეგად, ძალიან ბევრ კომპანიას, შესაძლოა, მცირეებსაც, წვდომა გაუჩნდათ საქართველოში საწვავის შემოტანაზე“, - აღნიშნა კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ. 

ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, მთლიან იმპორტში, ევროპიდან იმპორტირებული საწვავის წილი 42%-მდეა, არაევროპული ქვეყნებიდან იმპორტირებულის კი - 40%-მდე.

შეგახსენებთ, კონკურენციის სააგენტომ საწვავის ბაზრის მონიტორინგი პრემიერის დავალებით დაიწყო და შუალედური ანგარიში 16 მაისს გაასაჯაროვა. ანგარიშის თანახმად, გლობალურად საწვავის გაიაფებისა და ლარის გამყარების პარალელურად, საქართველოში მარტის ბოლოდან გაიაფებული საწვავის იმპორტი რუსეთიდან ხორციელდებოდა, რაც საწვავის ადგილობრივ ფასზე არ აისახა.  

„ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ მონაცემებით, მიმდინარე წლის მაისში საქართველომ ყველაზე მეტი (52 500 ტონა) ბენზინი და დიზელი რუსეთში იყიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან იმპორტი 237%-ითაა გაზრდილი. 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის იანვარ-ივნისს მონაცემებით, რუსეთიდან საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობით შემოტანილ პროდუქტებს შორისაა ნავთობი და ნავთობპროდუქტები. „ბიზნეს ფორმულას“ მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით რუსეთიდან იმპორტიორ TOP 10 კომპანიას შორის ნავთობის იმპორტიორებიც არიან, ესენია: „ ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია", „პორტალ პეტროლეუმ ჯორჯია" და „სან პეტროლიუმ ჯორჯია".