LIVE

რუსეთიდან იმპორტი წლიურად 51%-ით გაიზარდა, ექსპორტი 3%-ით შემცირდა - საქსტატი

19 ივლ 202211:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 708
რუსეთიდან იმპორტი წლიურად 51%-ით გაიზარდა, ექსპორტი 3%-ით შემცირდა - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი თურქეთი იყო (1 მლრდ 294 მლნ აშშ დოლარი) მეორე პოზიცია დაიკავა რუსეთმა (962 მლნ აშშ დოლარი) მესამე კი - ჩინეთმა (922 მლნ აშშ დოლარი).

იანვარ-ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან იმპორტი 51.4%-ით გაიზარდა. მთლიან იმპორტში კი რუსეთის წილი 11.9%-ს შეადგენს. რუსეთიდან საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობით შემოვიდა: ნავთობი და ნავთობპროდუქტები; ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები; კოქსი და ნახევარკოქსი; ხორბლის, ან ხორბალ-ჭვავის ფქვილი და მარგარინი.

მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში, რუსეთში ექსპორტი წლიურად 2.8%-ით შემცირდა და მაჩვენებელმა მთლიანი ექსპორტის 10% შეადგინა. რუსეთის ბაზარზე საქართველომ დიდი მოცულობით გაიყიდა: ფეროშენადნობები; ყურძნის ნატურალური ღვინო; მინერალური და მტკნარი წყლები; მსუბუქი ავტომობილები (ცალი) და სპირტიანი სასმელები.

2022 წლის იანვარ-ივნისში უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: თურქეთი (1 მლრდ 040 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (706 მლნ აშშ დოლარი) და ჩინეთი (522 მლნ აშშ დოლარი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფში პირველ პოზიციაზე იყო მსუბუქი ავტომობილები, რომლის იმპორტმა 607 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 10.3% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 577 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 9.7%), ხოლო მესამეს - სპილენძის მადნები და კონცენტრატები 416 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 7%).

მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები იყვნენ: ჩინეთი (400 მლნ აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (287 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთი (256 მლნ აშშ დოლარი).

სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 533 მლნ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 20.8% შეადგენს. მეორე ადგილზე იყო ფეროშენადნობები 302 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 11.8%), ხოლო მესამეზე - მსუბუქი ავტომობილები 269 მლნ აშშ დოლარით (10.5%).

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8 მლრდ 477 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 35.4%-ით მეტია. იანვარ-ივნისში ექსპორტი 2 მლრდ 559 მლნ აშშ დოლარი იყო (35.6%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 5 მლრდ 919 მლნ აშშ დოლარი (35.3%-ით მეტი).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 3 მლრდ 360 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.6% შეადგინა. 

შეგახსენებთ, საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 25.6%-ით გაიზარდა და 14 მლრდ 315 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.