LIVE

საქართველო ყველაზე მეტ საწვავს რუსეთში ყიდულობს - მაისში იმპორტი 237%-ით გაიზარდა

30 ივნ 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 865
საქართველო ყველაზე მეტ საწვავს რუსეთში ყიდულობს - მაისში იმპორტი 237%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის მაისში საქართველომ ყველაზე მეტი (52 500 ტონა) ბენზინი და დიზელი რუსეთში იყიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან იმპორტი 237%-ითაა გაზრდილი.

„ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ მონაცემებით, ბენზინისა და დიზელის საწვავის მაისის იმპორტში რუსეთის წილი 53.3% იყო. იმპორტში მეორე პოზიციას იკავებდა რუმინეთი - 19 200 ტონა (19,5%), შემდეგ იყო თურქმენეთი - 12 900 ტონა (13,1%) და ბულგარეთი - 9 000 ტონა (9,1%). 

მაისში, აპრილთან შედარებით, საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი 28.8%-ით, ხოლო წლიურად 11.1%-ით გაიზარდა. 

რაც შეეხება 2022 წლის პირველი ხუთი თვის მონაცემებს, რუსეთი ამ შემთხვევაშიც ლიდერია. იანვარ-მაისში რუსეთიდან საქართველოში 136 400 ტონა ბენზინისა და დიზელის იმპორტი განხორციელდა. წლიური ზრდა 45%-ია.  

იანვარ-მაისში საქართველოში განხორციელებული ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის მიხედვით ქვეყნების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • რუსეთი - 136,4 ათასი ტონა (მთლიანი იმპორტის 31,6%);
  • რუმინეთი - 101,5 ათასი ტონა (23,5%);
  • ბულგარეთი - 74,0 ათასი ტონა (17,1%);
  • აზერბაიჯანი - 53,6 ათასი ტონა (12,4%);
  • თურქმენეთი - 52,7 ათასი ტონა (12,2%);
  • თურქეთი - 7,6 ათასი ტონა (1,7%);
  • საბერძნეთი - 3,8 ათასი ტონა (0,9%);
  • ყაზახეთი - 1,6 ათასი ტონა (0,4%);
  • სეიშელი - 0,5 ათასი ტონა (0,1%);
  • კვიპროსი - 0,4 ათასი ტონა (0,1%);
  • შვეიცარია - 0,1 ათასი ტონა - (0,02%).

მიმდინარე წლის იანვარ-მაისში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი უმნიშვნელოდ, 0.8%-ით გაიზარდა.