LIVE

აშშ-ში მონეტარული პოლიტიკის შერბილების მოლოდინის ფონზე კრიპტოვალუტების ფასი იზრდება

28 ივლ 202211:47
3 წუთის საკითხავი
clock clock 568
აშშ-ში მონეტარული პოლიტიკის შერბილების მოლოდინის ფონზე კრიპტოვალუტების ფასი იზრდება

აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის (Fed) ნაკლებად მკაცრი პოლიტიკის პერსპექტივა ხელს უწყობს მოლოდინებს, რომ კრიპტოზამთარი დათბობასთან ახლოსაა.

Fed-ის მიერ რეფინანსირების განაკვეთის 75 საბაზისო პუნქტით ზრდის შემდეგ, ბიტკოინის ფასი ოთხშაბათს 9%-ით გაიზარდა, ხოლო დღეს დამატებით 2.9%-ით. ბანკმა მიანიშნა, რომ გამკაცრების ტემპი დროთა განმავლობაში შენელდება.

უმსხვილესი კრიპტოვალუტა სინგაპურში 13:25 სთ-ის მდგომარეობით $23,090-ად ივაჭრებოდა. ეგრეთ წოდებულმა ალტკოინებმა უფრო დიდი მოგება დააფიქსირეს: ეთერიუმი 4,7%-ით გაიზარდა, ხოლო Polkadot-მა 9,3%-იანი ზრდა აჩვენა.

Fed-ის შეხვედრის თარიღებთან დაკავშირებული სვოპები მიუთითებენ, რომ ბაზრები სესხის აღების ხარჯების ზრდის პიკს წლის ბოლოსთვის ელოდებიან, ხოლო განაკვეთების შემცირებას 2023 წლიდან. ეს პოზიტიურ ფონს ქმნის ციფრული აქტივებისთვის, რადგან ისინი ლიკვიდურობას ეყრდნობიან.

თუმცა, ასევე გასათვალისწინებელია, რომ ინვესტორების მსგავსი სენტიმენტი მაისსა და ივნისში სწრაფად გაქრა. ბევრი ანალიტიკოსი კვლავ სკეპტიკურადაა განწყობილი, რომ აშშ-ს ცენტრალურ ბანკს ბოლო ათწლეულებში ყველაზე მაღალი ინფლაციის შემსუბუქება შეუძლია.

ვირტუალური მონეტებისთვის რისკების სიაში რჩება კრიპტო კრედიტორებსა და ინვესტორებს შორის მეტი აფეთქებების პოტენციალი, ისევე როგორც უფრო მკაცრი მონეტარული პოლიტიკა. შეგახსენებთ, 2022 წელს ბიტკოინის ფასი 50%-ით დაეცა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სტივენ მეთიუსი