LIVE

Apple-ი სხვა ტექნოლოგიური კომპანიების მსგავსად დაქირავებას შეამცირებს

21 ივლ 202210:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 653
Apple-ი სხვა ტექნოლოგიური კომპანიების მსგავსად დაქირავებას შეამცირებს

Apple-ი უახლესი მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ხარჯვისა და პერსონალის დაქირავების შემცირებას გეგმავს. ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ Silicon Valley-ის ყველაზე ძლიერი მოთამაშეებიც კი მომდევნო თვეებში რეცესიის გამო ღელავენ.

iPhone-ის მწარმოებელი ხარჯების შეზღუდვას და ზოგიერთ განყოფილებაში სამუშაო ადგილების ზრდის შენელებას აპირებს. თუმცა, Apple-ს მთელი კომპანიის მასშტაბით ახალი პოლიტიკა არ მიუღია. კომპანია იზიარებს სხვა მსხვილი ტექნოლოგიური ფირმების ფრთხილ მიდგომებს, რომელთა შორის Amazon.com-ი, Alphabet-ის Google-ი და Microsoft-ი არიან. ყველა ამ ტექნოლოგიურმა გიგანტმა ასევე გადადგა ნაბიჯები ხარჯების შესამცირებლად.

ახალმა ამბავმა აქციების ბაზრებზე ვარდნა გამოიწვია და ტექ. შემოსავლების გარშემო ახალი შფოთვები გააჩინა, რომელიც მიმდინარე კვირაში უფრო მეტად გააქტიურდება. შესაძლოა, კომპანიებისთვის შეშინებული ინვესტორების დარწმუნება რთული აღმოჩნდეს.

Apple-ის ფრთხილი ნაბიჯისგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ დაქირავების შემცირებას გულისხმობს, ზოგი ტექნოლოგიური კომპანია სამუშაო ადგილების შემცირებასაც აპირებს. სია მოიცავს Microsoft-საც, რომელმაც გასულ კვირას განაცხადა, რომ ზოგიერთი პოზიცია რეორგანიზაციაში მოიაზრებოდა.

თუმცა, შემცირება 180,000 თანამშრომლის 1%-ზე ნაკლებს შეეხება. კომპანია ასევე ელის, რომ წელს თანამშრომლების გაზრდილი რიცხვით დაასრულებს.

გასულ თვეში Tesla-მ ასევე გაათავისუფლა ასობით თანამშრომელი და დახურა კალიფორნიის ობიექტი, რომელიც ავტოპილოტის თვითმართვის ტექნოლოგიაზე მუშაობდა.

კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა ადრე განაცხადა, რომ თანამშრომლების გათავისუფლება არასტაბილურ ეკონომიკურ გარემოში აუცილებელი იქნებოდა. 

Facebook-ის მშობელმა კომპანიამ Meta-მ ასევე შეამცირა ხარჯები და შეანელა დაქირავება ზოგიერთ მაღალი დონის თანამდებობაზე. აპრილში კომპანიამ გამოაცხადა, რომ მიმდინარე წელს ხარჯების $3 მილიარდით შემცირებას გეგმავს. ყოფილმა პანდემიურმა ვარსკვლავებმა, Netflix-მა და Peloton-მა ბოლო თვეების განმავლობაში თანამშრომლები ასევე გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობებიდან.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მარკს გურმანი