LIVE

კანადა სანქცირებული Nord Stream-ის ტურბინას გერმანიას დაუბრუნებს

10 ივლ 202211:52
3 წუთის საკითხავი
clock clock 1072
კანადა სანქცირებული Nord Stream-ის ტურბინას გერმანიას დაუბრუნებს
Krisztian Bocsi/Bloomberg

კანადა დათანხმდა ბუნებრივი აირის ტურბინის გადაცემას გერმანიისთვის Nord Stream-ის მილსადენში გამოსაყენებლად. მთავრობამ გასცა “დროით შეზღუდული და გაუქმებადი” ნებართვა რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციებისგან გათავისუფლების მიზნით.

გადაწყვეტილება მიღებულ იქნა უკრაინის მთავრობისა და კანადის დიდი უკრაინული დიასპორის წინააღმდეგობის ფონზე. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ტურბინის დაბრუნება ძირს უთხრის სანქციებს.

გერმანელი ოფიციალური პირები კანადას მოუწოდებდნენ, ეპოვა გზა ტურბინის დასაბრუნებლად. ისინი ეჭვობდნენ, რომ რუსეთი ამ საკითხს Nord Stream-ის დახურვისთვის საბაბად გამოიყენებდა.

კანადის ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ჯონათან ვილკინსონმა განაცხადა, რომ ექსპორტის ნებართვა გაიცა “ევროპელ მეგობრებთან და მოკავშირეებთან” და ასევე ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოსთან ფართო დისკუსიების შემდეგ.

“კანადა მისცემს დროში შეზღუდულ და გაუქმებად ნებართვას Siemens Canada-ს, რათა დაუშვას შეკეთებული Nord Stream 1-ის ტურბინების გერმანიაში დაბრუნება. ბუნებრივი გაზის საჭირო მარაგების გარეშე გერმანიის ეკონომიკა ძალიან სერიოზულ სირთულეებს განიცდის”, - ნათქვამია ვილკინსონის განცხადებაში.

ტურბინა, რომელიც კანადაში Siemens Energy-მ ააშენა, გაიგზავნა მონრეალში სარემონტოდ და დაბლოკილია რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის სანქციების გამო.

იმავდროულად, კანადა გააფართოებს სანქციებს რუსეთის მიმართ და შემზღუდველი ზომები სამრეწველო წარმოებაზე გავრცელდება.

“ახალი სანქციები გავრცელდება სახმელეთო და მილსადენების ტრანსპორტირებაზე, ლითონებისა და ტრანსპორტის, კომპიუტერული, ელექტრონული და ელექტრო მოწყობილობების, აგრეთვე მანქანების წარმოებაზე. მას შემდეგ, რაც ზომები ძალაში შევა, კანადურ ბიზნესებს ექნებათ 60 დღე, რათა გააფორმონ ახალი კონტრაქტები მიზნობრივ ინდუსტრიებთან და სერვისებთან”, - ნათქვამია საგარეო საქმეთა მინისტრის მელანი ჯოლის განცხადებაში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბრაიან პლათი