LIVE

ბაიდენის ვიზიტი საუდის არაბეთში - აშშ-ის პრეზიდენტს ნავთობის მიწოდების ზრდის მოლოდინი აქვს

16 ივლ 202210:54
3 წუთის საკითხავი
clock clock 1336
ბაიდენის ვიზიტი საუდის არაბეთში - აშშ-ის პრეზიდენტს ნავთობის მიწოდების ზრდის მოლოდინი აქვს
Saudi Press Agency

შეერთებული შტატების პრეზიდენტი საუდის არაბეთში ვიზიტის შემდეგ ნავთობის მიწოდების შემდგომ ზრდას ელის, რაც ხელს შეუწყობს საწვავის ხარჯების შემცირებას.

ჯო ბაიდენის ვიზიტს არ მოჰყოლია წარმოების ზრდის დაუყოვნებელი დაპირება, მაგრამ აშშ-ის ოფიციალური პირები დარწმუნებულნი არიან, რომ რიადი მიიყვანს OPEC+-ს წარმოების ეტაპობრივი ზრდის შეთანხმებამდე.

“ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ გავზარდოთ მიწოდება ამერიკის შეერთებულ შტატებში და ველი, რომ ეს მოხდება. დღევანდელი დისკუსიებიდან გამომდინარე, მომდევნო კვირებში შემდგომ ნაბიჯებს ველოდები”, - განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს. 

შეერთებული შტატების პრეზიდენტის შეხვედრა მეფე სალმან ბინ აბდულაზიზთან და მის შვილთან, გვირგვინოსან პრინც მუჰამედ ბინ სალმანთან მას შემდეგ მოხდა, რაც საწვავის მაღალმა ფასებმა აიძულა პრეზიდენტი, დაერღვია პირობა და უარი ეთქვა რიადის იზოლაციაზე 2018 წელს Washington Post-ის მიმომხილველის, ჯამალ ხაშოგის მკვლელობის გამო. შეერთებულ შტატებში საწვავის ფასი $5-იან რეკორდულ დონეს უახლოვდება, რაც შუალედური არჩევნების მოახლოებასთან ერთად უკმაყოფილებას იწვევს.

ბაიდენის ვიზიტი ემთხვევა ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციისა და მისი მოკავშირეების 3 აგვისტოს შეხვედრას, რომელიც განსაზღვრავს წარმოების დონეს. თუმცა, ნავთობის ფასების შემცირების ფონზე, რეცესიის მოლოდინის გათვალისწინებით, სურათი კვლავ შეიძლება შეიცვალოს.

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ადელ ალ-ჯუბეირმა განაცხადა, რომ მიწოდების შესახებ გადაწყვეტილებები დაფუძნებული იქნება ბაზრის შეფასებებზე. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საუდის არაბეთი გააგრძელებს მუშაობას OPEC+-თან. ალიანსში შედის რუსეთიც, რომლის ნავთობის შემოსავლების შემცირებასაც შეერთებული შტატები უკრაინაში შეჭრის გამო ცდილობს.

“ვაფასებთ მოთხოვნას და ვაწარმოებთ კონსულტაციებს ნავთობის სხვა მწარმოებლებთან OPEC-სა და OPEC+-ში, რათა დავრწმუნდეთ, რომ გვაქვს ადეკვატური მარაგი. ჩვენი პოლიტიკა ეყრდნობა ფუნდამენტურ საფუძვლებს და არა სპეკულაციებს, ისტერიასა და გეოპოლიტიკას”, - განაცხადა საუდის არაბეთის მინისტრმა პრესკონფერენციაზე.

“საუდის არაბეთი ვალდებულია მხარი დაუჭიროს ნავთობის გლობალური ბაზრის დაბალანსებას მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის. ეს და შემდგომი ნაბიჯები, რომლებსაც ველოდებით უახლოეს კვირებში, დაეხმარება ბაზრების მნიშვნელოვან სტაბილიზაციას”, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

მიუხედავად ამის, მოსალოდნელია, რომ შემდგომი ზრდა მოკრძალებული იქნება. გალფის ქვეყნების ძირითადი მწარმოებლები ამჯობინებენ, შეინარჩუნონ დარჩენილი სიმძლავრე მიწოდების შეფერხებების ფონზე, ლიბიის არეულობიდან დაწყებული, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებით დამთავრებული. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, უმოქმედო გამომუშავების ბუფერი დღეში 2 მილიონ ბარელამდე შემცირდა.

OPEC+-ის არსებული შეთანხმების პირობების თანახმად, საუდის არაბეთის წარმოებამ მომდევნო თვეში უნდა მიაღწიოს დღეში თითქმის 11 მილიონ ბარელს. ნებისმიერი შემდგომი ზრდა იქნება სამეფოს მაქსიმალური მდგრადი სიმძლავრის გამოცდა, რომელსაც სახელმწიფო გიგანტი Saudi Aramco აფასებს 12 მილიონ ბარელს დღეში.

თეთრი სახლის განცხადებაში ასევე გამოცხადდა აშშ-სა და სამეფოს შორის პარტნიორობა სუფთა ენერგიის მიმართულებით. ეს გულისხმობს საუდის არაბეთის ინვესტიციებს, რათა დააჩქაროს წიაღისეული საწვავიდან სუფთა ენერგიაზე გადასვლა. ინვესტიციები ფოკუსირებული იქნება მზის, წყალბადის და ატომურ ენერგიაზე, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის მონაწილეობით.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: გრანტ სმიტი, ჯასტინ სინკი და სალმა ელ ვარდანი