LIVE

ევროპა აშშ-ის ნავთობის მთავარი ბაზარი ხდება

15 ივლ 202213:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 734
ევროპა აშშ-ის ნავთობის მთავარი ბაზარი ხდება
Luke Sharrett/Bloomberg

ბოლო ექვსი წლის განმავლობაში პირველად, ევროპამ გადაუსწრო აზიას და გახდა შეერთებული შტატების ნავთობის უმსხვილესი მომხმარებელი.

აშშ-ს აღწერის ბიუროს უახლესი მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვრიდან მაისამდე ევროპამ საშუალოდ დაახლოებით 213,1 მილიონი ბარელი ნავთობი მიიღო, აზიამ კი 191,1 მილიონი ბარელი. მონაცემები აჩვენებს, რომ ბოლოს აზიური მოცულობა ჩამორჩა ევროპას 2016 წელს, როდესაც აშშ-მა გააუქმა ნედლი ნავთობის ექსპორტის აკრძალვა.

ნავთობის ნაკადების ეს ცვლილება ხაზს უსვამს, თუ რამდენად შეცვალა რუსეთის შეჭრამ უკრაინაში ენერგიის მიწოდების მიმართულებები. პუტინის ომის დაფინანსების შეწყვეტის მიზნით, აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა სანქციები დააწესეს რუსულ ნავთობზე. შედეგად, უფრო და უფრო მეტი ევროპული ქვეყანა მიმართავს აშშ-ს ნავთობის იმპორტისთვის. რუსეთი ნავთობს ფასდაკლებით სთავაზობს ქვეყნებს, როგორიცაა ინდოეთი და ჩინეთი, რომლებსაც არანაირი ენერგოსანქცია არ დაუწესებიათ.

რამდენადაც ევროპა ცდილობს შეამციროს დამოკიდებულება რუსულ ენერგიაზე, სავარაუდოა, რომ ეს სავაჭრო ნაკადის სქემები გაგრძელდება, ამბობს კრისტოფერ ჰეინსი, Energy Aspects-ის ნავთობის გლობალური ანალიტიკოსი. აშშ-ის ნედლი ნავთობის წარმოება იზრდება, მაგრამ არა იმდენად სწრაფად, რომ დააკმაყოფილოს როგორც აზიის, ასევე ევროპის მოთხოვნა.

უმსხვილესი მწარმოებლები, საუდის არაბეთი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები, უკვე ცდილობენ შეასრულონ OPEC+-ის წარმოების ვალდებულებები. სხვა მომწოდებლები, როგორიცაა ლიბია, ებრძვიან პოლიტიკურ არეულობას, რომელიც ზღუდავს ექსპორტს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: შილა ტობენი და დევიკა კრიშნა კუმარი