LIVE

Netflix-მა ახალი სერვისისთვის პარტნიორად Microsoft-ი აირჩია

14 ივლ 202220:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 650
Netflix-მა ახალი სერვისისთვის პარტნიორად Microsoft-ი აირჩია

Netflix-მა ახალი რეკლამით მხარდაჭერილი სტრიმინგის სერვისისთვის ტექნოლოგიებისა და გაყიდვების პარტნიორად Microsoft-ი აირჩია. ნაბიჯი გადამწყვეტი იქნება კომპანიის მიერ აბონენტებისა და შემოსავლების ზრდის გააქტიურების მცდელობაში.

Netflix-ი მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში გეგმავს ძირითადი სერვისის უფრო იაფი, რეკლამით მხარდაჭერილი ალტერნატივა გაყიდოს. მომხმარებლები, რომლებსაც უკვე გამოწერილი აქვთ სერვისი, რეკლამებს არ ნახავენ, ეს იქნება მომხმარებლებისთვის, რომლებიც ახალი შეთავაზებისთვის დარეგისტრირდებიან.

Netflix-მა რეკლამების არარსებობა მომხმარებლებისთვის მთავარ მიზიდვის წერტილად დიდი ხნის წინ აქცია. თუმცა, ზრდის შენელებამ კომპანია აიძულა მოეძებნა გზები აბონენტებისა და შემოსავლის ახალი წყაროების მოსაზიდად. სტრიმინგის სერვისმა სარეკლამო ბიზნესში შესვლის გეგმები აპრილში, მომხმარებელთა რაოდენობის შემცირების შემდეგ გამოაცხადა.

იმის გამო, რომ Netflix-ი სერვისის გააქტიურების ვადებში შეზღუდულია, მენეჯმენტს გარე პარტნიორის მოძიება მოუწია, რომელიც გაყიდვებისა და ტექნოლოგიების ნაწილზე იზრუნებდა. კომპანიის მთავარი ოპერაციული დირექტორი გრეგ პიტერსი პოტენციურ კანდიდატებს შეხვდა, მათ შორის Alphabet-ის Google-ს და Comcast-ს.

მისი გამარჯვებით, Microsoft-ი Netflix-ის რეკლამების ექსკლუზიური სერვერი და გამყიდველი გახდება, კომპანიის, რომელსაც 222 მილიონი აბონენტი ჰყავს და კიდევ უფრო მეტი მაყურებელი.

Netflix-ის აქციები ნიუ-იორკში ბაზრის დახურვისას 1.2%-ით გაიზარდა და $176.56 შეადგინა. კომპანიის აქციები, რომელიც ოდესღაც ერთ-ერთი საუკეთესო პერფორმერი იყო, წელს 71%-ით დაეცა. ეს მას შემდეგ, რაც სტრიმინგის სერვისმა მეორე კვარტლისთვის 2 მილიონი აბონენტის დაკარგვის პროგნოზი გამოაქვეყნა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლუკას შოუ