LIVE

ჩინეთი Alibaba-სა და Tencent-ს ანტიმონოპოლიური წესების დარღვევისთვის აჯარიმებს

10 ივლ 202212:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 629
ჩინეთი Alibaba-სა და Tencent-ს ანტიმონოპოლიური წესების დარღვევისთვის აჯარიმებს
REUTERS/Tingshu Wang

ჩინეთი ტექნოლოგიურ გიგანტებს, Alibaba-სა და Tencent-ს, ისევე როგორც მთელ რიგ სხვა კომპანიებს, ტრანზაქციების გამჟღავნების შესახებ ანტიმონოპოლიური წესების შეუსრულებლობის გამო აჯარიმებს.

ბაზრის რეგულირების სახელმწიფო ადმინისტრაციამ (SAMR) დარღვევით დადებული 28 გარიგების სია გამოაქვეყნა. ჩამონათვალშია Alibaba-ს მიერ 2021 წელს კაპიტალის შეძენა მის შვილობილ კომპანიაში, Youku Tudou-ს სტრიმინგ პლატფორმაში. Tencent-ი მონაწილეობდა SAMR-ის სიის 12 ტრანზაქციაში.

2020 წლიდან ჩინეთის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის მთავარი სამიზნე ტექნოლოგიური სექტორია. გაზრდილი ზეწოლის ფონზე, ჩინეთის ტექნოლოგიურმა გიგანტებმა 2021 წელს $80 მილიარდი დაკარგეს. დანაკარგი ტექნოლოგიური მაგნატების მთლიანი სიმდიდრის თითქმის მეოთხედს წარმოადგენს და ყველაზე დიდი ერთწლიანი კლებაა 2012 წლის შემდეგ.

ტექნოლოგიური კომპანიების, მათ შორის Alibaba-ს, Tencent-ის, Meituan-ისა და Pinduoduo-ს ერთ დროს მაღალი საბაზრო ღირებულება მონოპოლიური პრაქტიკების, გარიგებების დამალვის და სხვა მიზეზებით გამოწვეული ჯარიმების გამო მნიშვნელოვნად შემცირდა.