
2021 რეკორდული წელი იყო ჩინეთის ინტერნეტ გიგანტებისთვის, მაგრამ არა ისე, როგორც უმეტესობა იმედოვნებდა.
Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, ქვეყნის ათმა უმდიდრესმა ტექ. მაგნატმა ჯამში $80 მილიარდის წმინდა ქონება დაკარგა. მარეგულირებლების მხრიდან გაზრდილი ზეწოლის ფონზე, დანაკარგი ტექ. მაგნატების მთლიანი სიმდიდრის თითქმის მეოთხედს წარმოადგენს და ყველაზე დიდი ერთწლიანი კლებაა 2012 წლის შემდეგ.
Pinduoduo-ს დამფუძნებელმა კოლინ ჰუანგმა წელს ყველაზე მეტი, $42,9 მილიარდი დაკარგა, ანუ მისი ქონების ორი მესამედი. ელექტრონული კომერციის პლატფორმის აქციების ფასი გასულ წელს თითქმის 70%-ით შემცირდა. Alibaba-ს დამფუძნებლის ჯეკ მას ქონება კი, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მისი ფართო ბიზნეს იმპერია გაანადგურა, დაახლოებით $13 მილიარდით შემცირდა.
Ant Group-ის თავდაპირველი საჯარო შეთავაზების შეჩერების შემდეგ ანტიმონოპოლიური კონტროლი ჩინეთის მარეგულირებლების მხრიდან სულ უფრო გახშირდა.
ტექნოლოგიური კომპანიების, მათ შორის Alibaba-ს, Tencent-ის, Meituan-ისა და Pinduoduo-ს ერთ დროს მაღალი საბაზრო ღირებულება მონოპოლიური პრაქტიკების, გარიგებების დამალვის და სხვა მიზეზებით გამოწვეული ჯარიმების გამო მნიშვნელოვნად შემცირდა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ვენუს ფენგი