LIVE

Fitch-მა თურქეთის საკრედიტო რეიტინგი კიდევ შეამცირა

09 ივლ 202216:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 806
Fitch-მა თურქეთის საკრედიტო რეიტინგი კიდევ შეამცირა

Fitch Ratings-მა თურქეთის სუვერენული ვალის რეიტინგი კიდევ უფრო შეამცირა და განაცხადა, რომ მთავრობის პოლიტიკა ხელს უწყობს სპირალურ ინფლაციას და ხელს უშლის ქვეყანაში კაპიტალის შედინებას.

სარეიტინგო კომპანიამ თურქეთის ქულა B+-დან B-მდე შეამცირა, რაც ნიშნავს, რომ საინვესტიციო დონეს ქვეყანა ხუთი პუნქტით ჩამორჩება. Fitch-ის განცხადებით, თურქეთის ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა უარყოფითია.

„პოლიტიკური მოსაზრებებით ხელმძღვანელობის გამო, ცენტრალური ბანკი რეფინანსირების განაკვეთს 2021 წლის დეკემბრის შემდეგ, მიუხედავად სწრაფად მზარდი ინფლაციისა, 14%-ზე ინარჩუნებს“,- წერს Fitch-ი.

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი წელს უცვლელად შეინარჩუნა მიუხედავად იმისა, რომ წლიური ინფლაცია ივნისში 78.6%-მდე გაიზარდა. 

ფასების ზრდასა და ვალუტის შესუსტებასთან საბრძოლველად განაკვეთების გაზრდის ნაცვლად, ქვეყნის ხელისუფლებამ მიმდინარე წელს რამდენიმე არაორდინალური ღონისძიება გაატარა. მათ შორის, საბანკო მარეგულირებელმა აკრძალა იაფი სესხები ლირაში უცხოური ვალუტის მფლობელი კომპანიებისთვის, რაც ინფლაციური ზეწოლის შემსუბუქებასა და თურქეთის ეროვნული ვალუტის მხარდაჭერას ემსახურება.

თურქულმა ლირამ წელს დოლართან მიმართებაში ღირებულების 20%-ზე მეტი დაკარგა.

თურქეთმა საინვესტიციო დონის სტატუსი Fitch-ისგან 2017 წლის იანვარში დაკარგა და მას შემდეგ ოთხჯერ ჩამოქვეითდა. მას ე.წ. უსარგებლო (junk) რეიტინგი აქვს Moody's-ისა და Standard & Poor's-ისგანაც- B2 და B+ თითოეულისგან.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ქერიმ კარაკაია