
რუსმა კანონმდებლებმა კომპანია Gazprom-ს გაუთვალისწინებელი მოგების გადასახადი დაუწესეს. ბუნებრივი აირის ფასების ზრდის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ სახელმწიფო ხაზინა ამ გზით მილიარდობით დოლარს მიიღებს.
პარლამენტის ქვედა პალატის მიერ მიღებული კანონპროექტის თანახმად, კომპანია სექტემბრიდან ნოემბრამდე მინერალების მოპოვებაში დამატებით 1,25 ტრილიონ რუბლს ($22,2 მილიარდს) გადაიხდის. ცვლილება ზედა პალატისა და პრეზიდენტის თანხმობას საჭიროებს.
უკრაინაში მიმდინარე ომისა და სანქციების გამო, წელს ევროპული გაზის ფასი გაორმაგდა. ძირითად ბაზრებზე Gazprom-ის ექსპორტი მარტიდან მცირდება, რამდენადაც ზოგიერთ ქვეყანაში მიწოდება სრულად შეწყდა, ნაწილს კი შემცირებული მოცულობა მიეწოდება.
შემცირებული ექსპორტის მიუხედავად, Gazprom-მა ფასების ზრდით ისარგებლა. დამტკიცების შემდეგ, მოგების დიდ ნაწილს, გაუთვალისწინებელი მოგების გადასახადის სახით, მიიღებს მთავრობა (კომპანიის უმსხვილესი მეწილე) და არა ინვესტორები.
გასულ კვირას, კომპანიის წლიურ კრებაზე აქციონერებმა მხარი არ დაუჭირეს 1,24 ტრილიონი რუბლის ოდენობით რეკორდული დივიდენდის გადახდას. აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის, ფამილ სადიგოვის განმარტებით, ამჟამინდელ გარემოში ასეთი ნაბიჯი "არაგონივრული" იქნებოდა. რადგანაც სახელმწიფო კომპანიის 50%-ზე მეტს ფლობს, ახალი გადასახადი ბიუჯეტისთვის ორჯერ უფრო მომგებიანი იქნება, ვიდრე შეთავაზებული დივიდენდი.
"რა თქმა უნდა, მზად უნდა ვიყოთ შევასრულოთ ჩვენი ვალდებულებები და გაზრდილი გადასახადი გადავიხადოთ", - თქვა სადიგოვმა გასულ კვირას და დასძინა, რომ Gazprom-ის პრიორიტეტებია შიდა ქსელის გაფართოება და ზამთრის სეზონისთვის მომზადება.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია