LIVE

რუსეთი ნიდერლანდურ და გერმანულ კომპანიებს გაზის მიწოდებას უჩერებს

01 ივნ 202214:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 944
რუსეთი ნიდერლანდურ და გერმანულ კომპანიებს გაზის მიწოდებას უჩერებს

რუსეთი ნიდერლანდებისა და გერმანიის კომპანიების ნაწილს გაზის მიწოდებას უჩერებს. გადაწყვეტილება Gazprom-მა მას შემდეგ მიიღო, რაც ევროკავშირმა რუსული ნავთობის იმპორტის დიდ ნაწილზე ემბარგოს დაწესება გამოაცხადა

ევროკავშირის ემბარგო რუსული ნავთობის იმპორტის 75%-ზე გავრცელდება, რაც წლის ბოლოს 90%-მდე გაიზრდება.

31 მაისს Gazprom-მა მიწოდების შეზღუდვები ნიდერლანდურ კომპანია GasTerra-ზე გაავრცელა. მოგვიანებით კომპანიამ განაცხადა, რომ შეწყვეტს გაზის ნაკადს დანიური ენერგეტიკული კომპანია Ørsted-სა და გერმანული Shell Energy-სთვის. მიზეზი საფასურის რუბლში გადაუხდელობაა.

GasTerra-მ განაცხადა, რომ ჰყავს ალტერნატიული მიმწოდებელი და გააფორმა კონტრაქტები 2 მილიარდ კუბურ მეტრ გაზზე. სავარაუდოდ, სწორედ ამ მოცულობას მიიღებდა ქვეყანა ოქტომბრამდე.

31 მაისს დანიამაც გააფრთხილა ევროკავშირი, რომ გაზის მიწოდების შეწყვეტას ელოდა, თუმცა ეს ქვეყნის გაზმომარაგებაზე გავლენას არ მოახდენდა.

რუსეთმა ბუნებრივი აირის მიწოდება უკვე შეუჩერა ბულგარეთს, პოლონეთსა და ფინეთს, მას შემდეგ რაც მათ უარი თქვეს გზის საფასურის რუბლში გადახდაზე.

Gazprom-ის განცხადებით, Shell Energy Europe Limited-მა უარი თქვა რუბლში გადახდაზე, ხოლო ხელშეკრულება ითვალისწინებდა გაზის წელიწადში 1,2 მილიარდ კუბურ მეტრამდე მიწოდებას.

კრემლმა ექსპორტის საფასურის რუბლებში გადახდა მას შემდეგ მოითხოვა, რაც დასავლური სანქციების შედეგად ქვეყნის ვალუტა მკვეთრად გაუფასურდა და რუსული ბანკები Swift-ის სისტემიდან ამოიღეს.

ევროკავშირის ენერგეტიკის კომისარმა განაცხადა, რომ წევრ ქვეყნებს მოუწევთ უარი თქვან მოსკოვის მოთხოვნებზე, რადგან შემოთავაზებული მექანიზმი ბლოკის სანქციებს დაარღვევს.

მიწოდების შეწყვეტამ გაზის საფასური კიდევ უფრო გაზარდა, რამაც გამოიწვია მზარდი ინფლაცია და აიძულა ევროპის მთავრობები და კომპანიები, ეძიონ ალტერნატიული წყაროები და ინფრასტრუქტურა, მათ შორის საწყობი სისტემები.

ევროკავშირი ბოლო კვირებში კრიტიკის წინაშე აღმოჩნდა იმის გამო, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები საკმარისად შორს არ წასულა.  ბრიუსელში სამიტის წინ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა ევროკავშირის ლიდერებს, გამოიჩინონ ერთიანობა ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ.

სამიტის კომპრომისული გეგმის მიხედვით, რუსული ნავთობი, რომელიც საბჭოთა ეპოქის მილსადენით მიეწოდება უნგრეთს, ჩეხეთსა და სლოვაკეთს, გათავისუფლდება ევროკავშირის ემბარგოსგან.

მიუხედავად ამ შეთანხმებისა, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირს მოუწოდა, უფრო შორს წასულიყო და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტი შეიმუშაოს, რომელიც ითვალისწინებს გაზის იმპორტის სრულად შეზღუდვას. თუმცა, კაია კალასი არ არის დარწმუნებული, რომ ეს მოხდებოდა.