
ევრო აშშ დოლართან მიმართებით 20-წლიან მინიმუმამდე დაეცა. მოვაჭრეები ფსონს დებდნენ, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB) საპროცენტო განაკვეთების ზრდას შეანელებს, რადგან ეკონომიკა რეცესიის რისკის წინაშეა.
ევროზონის საერთო ვალუტა დოლართან 1,4%-ით, $1.0281-მდე გაუფასურდა, რაც 2002 წლის დეკემბრის შემდეგ ყველაზე დაბალი დონეა. პარალელურად, რეგიონის ზრდის პერსპექტივა სუსტდება, მოვაჭრეები ახლა გაზის დეფიციტის პერსპექტივას აკვირდებიან, რადგან რუსეთი მიწოდებას ამცირებს.
რეკორდული ინფლაციის მიუხედავად, უკრაინაში ომის შედეგად გამოწვეული შეფერხებები ECB-ის რეფინანსირების განაკვეთის გაზრდაში ხელს უშლის. აშშ-ის ცენტრალური ბანკი რეფინანსირების განაკვეთს უფრო სწრაფად ზრდის, რაც განაკვეთებს შორის სხვაობას აფართოებს. Bloomberg-ის ოფციონების ფასების მოდელის მიხედვით, 60%-იანი შანსია, რომ ვალუტამ წლის ბოლომდე დოლართან პარიტეტს მიაღწიოს.
მოვაჭრეები ფსონებს დებენ, რომ ECB-ი რეფინანსირების განაკვეთის ზრდას მიმდინარე თვის ბოლოს 25 საბაზისო პუნქტით დაიწყებს. ამის საპირისპიროდ, აშშ-ის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 150 საბაზისო პუნქტით უკვე გაზარდა.
ფულის ბაზრის მოვაჭრეები ფსონებს დებენ, რომ ECB-ის მიერ განაკვეთის ზრდა წელს 140 საბაზისო პუნქტს მიაღწევს. გასულ კვირას სუსტი ეკონომიკური მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ მოვაჭრეებმა პროგნოზები შეამცირეს.
ინვესტორები ასევე უფრო ფრთხილად არიან ევროსთან მიმართებით ეგრეთ წოდებული ფრაგმენტაციის რისკის გამო, როდესაც ეკონომიკურად სუსტი ქვეყნები აფიქსირებენ სესხის აღების ხარჯების გაუმართლებელ ზრდას ფინანსური პირობების გამკაცრებასთან ერთად.
სამი ევროპელი ტრეიდერის თქმით, დღევანდელ ზარალს დაემატა ცუდი ლიკვიდურობა და ევრო-შვეიცარიული ფრანკების გაყიდვა. ევრო შვეიცარიულ ფრანკთან მიმართებაში 0,9%-ით, 0,99251-მდე დაეცა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2015 წლის შემდეგ.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნაომი ტაჯიტსუ