ჩრდილოეთ და ცენტრალური იტალიის 4 რეგიონში გვალვის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. სიცხე აზიანებს სოფლის მეურნეობას და საფრთხეს უქმნის ენერგომომარაგებას.
მაღალი ტემპერატურისა და განსაკუთრებულად მშრალი პირობების გამო, ქვეყნის უდიდესი მდინარე პო ბოლო 70 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ დონეზეა.
ევროპაში ისტორიულად მშრალი ზაფხულის ფონზეც კი, პოს ხეობაში ვითარება გამორჩეულია. გვალვიანი თვეებისა და დასავლეთ ალპებში ნაკადების ჩვეულებრივზე ადრე შეწყვეტის გამო, მდინარის კალაპოტის დიდი მონაკვეთები ხილულია. კალაპოტები იმდენად დაშრა, რომ ცოტა ხნის წინ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი გერმანული ტანკი გამოჩნდა.
ჰიდროელექტროენერგია, რომელიც ჩვეულებრივ უზრუნველყოფს ქვეყნის მოთხოვნილების 15%-ს, წელს 50%-ით შემცირდა, რაც საფრთხეს უქმნის სოფლის მეურნეობას და სასმელი წყლის მიწოდებას.
სოფლის მეურნეობის ჯგუფის Coldiretti-ის თანახმად, ექსტრემალურმა პირობებმა გამოიწვია სეზონური მოსავლის სავარაუდო 30%-იანი კლება, მათ შორის საკვების, ქერის, მარცვლეულისა და ბრინჯის. ეს ამწვავებს ისედაც გაურკვეველ ვითარებას ინდუსტრიაში, რომელიც უკრაინაში ომის ფონზე ეკონომიკისთვის “სტრატეგიულად” მიიჩნევა. მთავრობა პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის ხელმძღვანელობით, გამოყოფს 36,5 მილიონ ევროს დახმარების ფონდებში.
ექსტრემალური პირობები გამწვავდა შაბათ-კვირას, როდესაც ყინული ჩამოინგრა ჩრდილოეთ იტალიის ალპების მწვერვალზე. 26 ადამიანი იპოვეს და სულ მცირე შვიდი დაიღუპა კვირას ზვავის შედეგად, როდესაც ყინული დოლომიტების ყველაზე მაღალი მწვერვალის, მარმოლადას მწვერვალიდან ჩამოვარდა.
პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ, რომელიც 4 ივლისს ეწვია ალპებს, განაცხადა, რომ ტრაგედია, მიუხედავად იმისა, რომ მას არაპროგნოზირებადობის ელემენტები აქვს, რა თქმა უნდა დამოკიდებულია “გარემოს გაუარესებაზე და კლიმატის ვითარებაზე”.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯეროლდ კოლტენი და ანტონიო ვანუცო