ბრიტანელი გადასახადის გადამხდელები სამეფო ოჯახს დამატებით 27.3 მილიონ ფუნტს ($33 მლნ) გადაუხდიან შემდეგ ორ წელში იმ დანაკლისის შესავსებად, რაც ძირითადად სამეფო უძრავი ქონებიდან შემოსავლების კლებამ განაპირობა.
დამატებითი დაფინანსების საჭიროება იმ ფონზე გაჩნდა, როცა სამეფო ოჯახის ხარჯები გასულ წელს 17%-ით გაიზარდა 102.4 მილიონ ფუნტამდე, ხოლო საშუალო ბრიტანული ოჯახის შემოსავლები ყველაზე დიდხნიანი პერიოდის განმავლობაში მცირდება.
სამეფო ოჯახის ხარჯების ზრდას ყველაზე მეტად უძრავი ქონების მოვლა-შენახვა განაპირობებს, მათ შორის ბუკინგემის სასახლის, სენტ ჯეიმსის სასახლის და უინძორის სასახლის. ეს ხარჯები ბოლო ერთ წელში 29%-ით არის გაზრდილი და 69 მილიონ ფუნტს აჭარბებს.
ბრიტანელი გადასახადის გადამხდელები სამეფო ოჯახის ხარჯების უმეტეს წილს ფარავენ სუვერენული გრანტით, რომლის ფიქსირებული თანხა მიმდინარე წელს 86.3 მილიონი ფუნტი იყო. გრანტის თანხის მოცულობა ყოველწლიურად განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რა უფრო სჭარბობს: წინა წლის გრანტი, თუ 15.6 მილიონ ფუნტად შეფასებული სამეფო ქონების მართვის ფონდის, Crown Estate-ის მოგების 25%.
რამდენადაც ამ კომპანიის შემოსავალი დაეცა, სუვერენული გრანტი შემდეგი ორი წლისთვის ფიქსირებული იქნება წინა წლის 86.3 მილიონ ფუნტზე და ჯამურად 172.6 მილიონს მიაღწევს. გრანტის თანხა რომ Crown Estate-ის მოგების 25%-ზე ყოფილიყო მორგებული, ის შესაბამისად, 67.3 და 78 მილიონი ფუნტი იქნებოდა შემდეგი წლებისთვის, ჯამურად 145.3 მილიონი ფუნტი.
გამოდის, რომ სამეფო ოჯახის შენახვის 27.3 მილიონ ფუნტიანი დანაკლისი საჯარო ფინანსების სხვა მიმართულებიდან უნდა ანაზღაურდეს. ეს დამატებითი ტვირთია გადასახადის გადამხდელებისთვის, რომლებსაც ისედაც რეკორდულად გაზრდილ ფასებთან უწევთ გამკლავება.
სამეფო ოჯახი ამბობს, რომ მიმდინარე წლის £86.3 მილიონიანი სუვერენული გრანტი თითო ადამიანს £1.29 უჯდება. არ არის გამორიცხული, რომ სამეფო ოჯახის გაზრდილი ხარჯების ნაწილი ტურიზმის აღდგენამ დააბალანსოს, რამდენადაც ვიზიტორების რაოდენობა სამეფო სასახლეებს სავარაუდოდ, გაეზრდება. სასახლეები ვიზიტორებისთვის პანდემიის პირობებში დაკეტილი იყო და შემოსავალს ვერ აგენერირებდა, რამაც ჯამური შემოსავალი 9.9 მილიონ ფუნტამდე შეამცირა პანდემიამდე არსებული 20.2 მილიონიდან.
დედოფლის ხაზინადარი, სერ მაიკლ სტივენსი ამბობს, რომ ბოლო წელი საოპერაციო და ფინანსური გამოწვევებით გამოირჩეოდა, ძირითადად კოვიდ შეზღუდვების გამო, რამაც ტურისტების წვდომა სამეფო სასახლეებზე შეზღუდა და შემოსავლებიც შეამცირა.
სამეფო ოჯახის ქონების შენახვის და სტუმარ-მასპინძლობის ხარჯები 55%-ით არის გაზრდილი, მოგზაურობაზე გაწეული ხარჯები კი 40%-ით გაიზარდა, 4.5 მილიონ ფუნტამდე. შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, სამეფო ოჯახმა ოფიციალური ვიზიტები განაახლა. მაგალითად, უელსის პრინცის და კემბრიჯის ჰერცოგის ვიზიტი ბარბადოსზე 226,383 ფუნტი დაჯდა.
გარდა ამისა, სამეფო ოჯახმა 2.5 მილიონი ფუნტის ანაზღაურება მიღო პრინცი ჰარისგან და მეგან მარკლისგან. სასექსის ყოფილმა ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ სამეფო ოჯახის დატოვების შემდეგ დედოფალს და გადასახადის გადამხდელებს მათი საცხოვრისის, უინძორის სასახლის ტერიტორიაზე მდებარე ფროგმორის კოტეჯის რესტავრაციაზე დახარჯული თანხა აუნაზღაურეს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: კონრად ქუილტი-ჰარპერი და ირინა ანგჰელი