LIVE

Airbnb წვეულებებისთვის სახლების გაქირავებას სამუდამოდ კრძალავს

01 ივლ 202220:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 741
Airbnb წვეულებებისთვის სახლების გაქირავებას სამუდამოდ კრძალავს

Airbnb-მა წვეულებებისა და ღონისძიებების მოწყობის მიზნით, სახლების გაქირავება სამუდამოდ აკრძალა. შეზღუდვა პირველად პანდემიის დროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მოტივით ამოქმედდა, თუმცა ის მასპინძლებში განსაკუთრებით პოპულარული აღმოჩნდა.

Airbnb-ის განცხადებით, 2020 წლის აგვისტოში ამოქმედებულმა ამ წესმა უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინა, ვიდრე მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანმრთელობაა. 

"ის ჩვენი მასპინძლებისა და მათი მეზობლების მხარდაჭერის ფუნდამენტად იქცა. ახალი და გრძელვადიანი პოლიტიკა ამოქმედდა საზოგადოების უსაფრთხოების წახალისებისა და მხარდასაჭერის მიზნით", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომპანიის განცხადებითვე, მას შემდეგ, რაც შეზღუდვა ძალაში შევიდა, წვეულებებთან დაკავშირებული საჩივრების რიცხვი 44%-ით შემცირდა.   

Airbnb-მა მომავალში შესაძლოა, გამონაკლისი დაუშვას "განსაკუთრებული და ტრადიციული სტუმარმასპინძლობის ობიექტებისთვის".

პლატფორმა ობიექტზე დაშვებული ადამიანების ლიმიტის გაუქმებასაც გეგმავს. კორონავირუსის გავრცელების გამო, ამჟამად სახლებში 16 ადამიანზე მეტის განთავსება აკრძალულია. 

"რამდენიმე სახის დიდ სახლებში შესაძლებელია, რომ კომფორტულად და უსაფრთხოდ მოთავსდეს 16-ზე მეტი ადამიანი. ამ ზღვრის გაუქმებით მასპინძლებს უფლება ექნებათ, რომ პასუხისმგებლობით გამოიყენონ თავიანთ სახლებში არსებული სივრცე, ისე, რომ დაიცვან აკრძალვა დამღუპველი წვეულებების შესახებ", - აცხადებენ კომპანიაში და განმარტავენ, რომ ასეთ ობიექტებს შორისაა ევროპაში არსებული ციხესიმაგრეები და კარიბის ზღვის სანაპიროზე მდებარე დიდი ვილები.

გასულ წელს Airbnb-მა, წესების დარღვევის გამო, პლატფორმაზე წვდომა 6600-ზე მეტ სტუმარს შეუჩერა.