LIVE

Tesla-მ 200 თანამშრომელი გაათავისუფლა

29 ივნ 202213:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 960
Tesla-მ 200 თანამშრომელი გაათავისუფლა
JIM WATSON/AFP / Getty Images

კალიფორნიაში ობიექტის დახურვის გამო, Tesla-მ ავტოპილოტის გუნდში ასობით თანამშრომელი გაათავისუფლა. 

Bloomberg-ის ინფორმაციით, სამსახურიდან გაშვებულთა უმეტესობა საათობრივად დასაქმებული ადამიანები არიან, რაც მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო. 

ჯერ კიდევ გასულ კვირას, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ელონ მასკმა განაცხადა, რომ პერსონალის 10%-ით შემცირებას გეგმავდა, მაგრამ მისივე თქმით, გაიზრდებოდა თანამშრომლების რიცხვი, რომლებიც საათობრივად მუშაობენ. 

Bloomberg-ის წყაროს ინფორმაციით, ობიექტიდან სულ 200-მდე მუშა გაუშვეს. შემცირებამდე ოფისში 350-მდე თანამშრომელი მუშაობდა, რომელთა ნაწილი ამ ქარხანაში ბოლო კვირებში გადაიყვანეს. მათგან ბევრი იყო მონაცემთა ანოტაციის სპეციალისტი, რაც საათობრივი სამუშაოა. სამუშაოები დაკარგეს პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრებმა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ზოგიერთმა თანამშრომელმა. 

კალიფორნიის ქალაქ სან-მატეოს ოფისის გუნდებს დაავალეს შეაფასონ მომხმარებლის ავტომობილის მონაცემები, რომლებიც დაკავშირებულია ავტოპილოტის ფუნქციებთან.  

ბოლო წლების განმავლობაში Tesla-ს თანამშრომლების რიცხვი გლობალურად 100 000-მდე გაიზარდა, რაც ოსტინსა და ბერლინში ახალი ქარხნების აშენებას უკავშირდება. დასაქმებულებისთვის მოულოდნელი იყო მიმდინარე თვის დასაწყისში ილონ მასკის განცხადება, რომ დაუცველ ეკონომიკურ გარემოში მათი ნაწილის გათავისუფლება აუცილებელი იქნებოდა. 

ამავე დროს, წყაროს ინფორმაციით, ბუფალოში Tesla აგრძელებს ავტოპილოტის მონაცემთა მარკირების გუნდების გაფართოებას. ობიექტზე თანამშრომლების ანაზღაურება უფრო დაბალია, ვიდრე იმავე პოზიციაზე მომუშავე პირების, რომლებიც სან-მატეოში მუშაობენ. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ედვარდ ლუდლოუ და დანა ჰალი