LIVE

საცხოვრებლად ყველაზე კომფორტულ ქალაქად ვენა დასახელდა

24 ივნ 202210:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 2018
საცხოვრებლად ყველაზე კომფორტულ ქალაქად ვენა დასახელდა

მსოფლიოს უმეტეს წერტილებში Covid-19-ის ნელ-ნელა გაქრობასთან ერთად, Economist Intelligence Unit-ის 2022 წლის Global Liveability Index თითქმის იმავენაირად გამოიყურება, როგორც პანდემიამდე.

ვენამ საცხოვრებლად ყველაზე კომფორტულ ქალაქებში მოწინავე ადგილი დაიბრუნა, რომელიც სამი წლის წინ ეკავა, სანამ 2021 წელს პანდემიური შეზღუდვების გამო მე-12 ადგილზე ჩამოვიდოდა. ავსტრიის დედაქალაქმა პირველ ადგილზე კოპენჰაგენი ჩაანაცვლა, რაც ჯანდაცვის უფრო მაღალი შეფასების წყალობით მოახერხა. შვეიცარიის ქალაქი ციურიხი და კანადის ქალაქები კალგარი და ვანკუვერი ასევე 5 მოწინავე ქალაქს შორის მოხვდნენ.

173 ქალაქის ბოლოში ლიბიის დედაქალაქი ტრიპოლი, ნიგერიის დედაქალაქი ლაგოსი და სირიის დედაქალაქი დამასკო მოხვდნენ.

არაევროპული და არაკანადური ქალაქები, რომლებიც სიის პირველ 10-ეულში მოხვდნენ იაპონიის ქალაქი ოსაკა და ავსტრალიის ქალაქი მელბურნი არიან, რომელმაც მე-10 ადგილი დაიკავა.

სიაში აღმავალი მიმართულებით ყველაზე მეტად ლონდონი და ლოს-ანჯელესი დაწინაურდნენ. ლონდონმა 27 ადგილით აიწია და 33-ე ადგილი დაიკავა, ხოლო ლოს-ანჯელესი 18 ადგილით დაწინაურდა და 37-ე ადგილზე მოხვდა.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ჩინეთმა კოვიდ-შეზღუდვების დასრულებით ვერ ისარგებლა, რადგან ვირუსის ხელახალი აფეთქებები ქვეყანაში მკაცრ ლოკდაუნებს ინარჩუნებს. ასევე, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო კიევი სიაში საერთოდ ვერ მოხვდა.

EIU-მ განაცხადა, რომ ქალაქები 30-ზე მეტ ხარისხობრივ და რაოდენობრივ ფაქტორზე დაყრდნობით ხუთ ფართო კატეგორიაში შეფასდნენ: სტაბილურობა, ჯანდაცვა, კულტურა და გარემო და განათლება და ინფრასტრუქტურა.

EIU-ს მიხედვით, საცხოვრებლად 10 ყველაზე კომფორტული ქალაქის სია ასე გამოიყურება:

1) ვენა, ავსტრია

2) კოპენჰაგენი, დანია

3) ციურიხი, შვეიცარია

4) კალგარი, კანადა

5) ვანკუვერი, კანადა

6) ჟენევა, შვეიცარია

7) ფრანკფურტი, გერმანია

8) ტორონტო, კანადა

9) ამსტერდამი, ნიდერლანდები

10) ოსაკა, იაპონია

10) მელბურნი, ავსტრალია

სიის ბოლო 10 ადგილს იკავებენ:

163) თეირანი, ირანი

164) დუალა, კამერუნი

165) ჰარარე, ზიმბაბვე

166) დაკა, ბანგლადეში

167) პორტ-მორსბი, პაპუა-ახალი გვინეა

168) კარაჩი, პაკისტანი

169) ალჟირი, ალჟირი

170) ტრიპოლი, ლიბია

171) ლაგოსი, ნიგერია

172) დამასკო, სირია

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალექს მილსონი