LIVE

ბაიდენი კონგრესს საწვავზე გადასახადის 3 თვით შეჩერებისკენ მოუწოდებს

23 ივნ 202211:47
3 წუთის საკითხავი
clock clock 567
ბაიდენი კონგრესს საწვავზე გადასახადის 3 თვით შეჩერებისკენ მოუწოდებს

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოუწოდა კონგრესს, 3 თვით შეაჩეროს საწვავის ფედერალური გადასახადის მოქმედება. ეს ძირითადად სიმბოლური ნაბიჯია პრეზიდენტისგან, რომელსაც არ აქვს ფასების შემცირების სხვა საშუალება. 

“18 ცენტიანი ფედერალური გადასახადის შეჩერებით მომდევნო 90 დღის განმავლობაში, შეგვიძლია შევამციროთ საწვავის ფასი და მცირედით გავუადვილოთ ცხოვრება ოჯახებს”, - განაცხადა ბაიდენმა თეთრ სახლში.

თუმცა, კანონმდებლებმა - დემოკრატებმაც კი - სწრაფად აჩვენეს, რომ ნაკლებად ინტერესდებიან ამ ნაბიჯით.

სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა თქვა, რომ წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატებმა უკვე სცადეს საწვავის გადასახადის შეჩერება, თუმცა “რესპუბლიკელებმა დაბლოკეს”. მისი თქმით, ბენზინზე ფასების შემცირების ყველაზე მნიშვნელოვანი გზა იყო ბაზრებზე მანიპულაციის შეჩერება. ის ასევე აღნიშნავს, რომ ნავთობის მოპოვების ღირებულება არ გაზრდილა.

“ჩვენ ვნახავთ, სად არის კონსენსუსი პრეზიდენტის წინადადების წინსვლისთვის წარმომადგენელთა პალატასა და სენატში, ბენზინგასამართ სადგურზე ფასების შემცირების კანონპროექტების საფუძველზე, რომელიც უკვე იქნა მიღებული პალატის დემოკრატების მიერ”,- განაცხადა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ.

ბაიდენმა თქვა, რომ სახელმწიფოებმა, რომელთაგან ბევრს ბიუჯეტის პროფიციტი აქვს, ასევე უნდა შეაჩერონ გადასახადები. მან მოუწოდა გადამამუშავებელ ქარხნებსა და ბენზინის საცალო მოვაჭრეებს, დარწმუნდნენ, რომ საგადასახადო შეღავათის “ყოველი პენი” მიდის მომხმარებლებზე.

მან ასევე უარყო რესპუბლიკელების კრიტიკა საწვავის ფასებთან დაკავშირებით და ფასის ზრდაში რუსეთის უკრაინაში შეჭრა დაასახელა.

“ყველა იმ რესპუბლიკელს კონგრესში, რომლებიც მაკრიტიკებენ ამერიკაში საწვავის მაღალი ფასების გამო - ახლა ამბობთ, რომ არასწორად ვუჭერდით მხარს უკრაინას? თქვენ ამბობთ, რომ არასწორად ვეწინააღმდეგებოდით პუტინს? თქვენ ამბობთ, რომ საწვავის ფასების შემცირება ამერიკაში სჯობს პუტინის რკინის მუშტს ევროპაში?”,- განაცხადა ბაიდენმა.

Bloomberg-ის მიერ შედგენილი მონაცემების მიხედვით, საწვავის საშუალო ეროვნული ფასი დაახლოებით 38%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც რუსეთი 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა.

პრეზიდენტი ითხოვს საწვავის ხარჯების შემცირებას, რაც ნოემბრის შუალედური არჩევნების წინ პოლიტიკურ დაბრკოლებად იქცა. მანამდე მან ნავთობის სტრატეგიული რეზერვიდან მილიონობით ბარელი ნავთობის გამოშვების გადაწყვეტილება მიიღო და აიძულა ნავთობის გიგანტები, გაეზარდათ წარმოება, რამაც მცირე გავლენა მოახდინა ფასებზე.

ბაიდენის ქმედებები ასევე დაკავშირებულია პოლიტიკურ დაპირისპირებასთან: წარსულში ის ცდილობდა შეემცირებინა აშშ-ში ნავთობის მოპოვება, ახლა კი გაფართოებისკენ მოუწოდებს, ხოლო საწვავის დაბალ ფასებს შეეძლო მოხმარების ზრდის სტიმულირება, რაც ეწინააღმდეგებოდა მის მცდელობებს, შეემცირებინა აშშ-ს წიაღისეული საწვავზე დამოკიდებულება.

ეროვნულ დონეზე, ფასები შეერთებულ შტატებში რეკორდულად მაღალია - დაახლოებით $5 გალონზე.

ეკონომისტები ზოგადად სკეპტიკურად უყურებენ, რომ გადასახადის გაუქმება დასახულ მიზანს მიაღწევს. ფასის დაწევამ შეიძლება გაზარდოს მოთხოვნა იმ დროს, როდესაც მიწოდება უმაღლეს ნიშნულზეა, რამაც შეიძლება კიდევ უფრო გაზარდოს ფასები. პენსილვანიის უნივერსიტეტის უორტონის სკოლის ინფორმაციით, ზოგიერთ შტატში, რომლებმაც შეაჩერეს საწვავზე გადასახადები, ფასები კიდევ უფრო გაიზარდა.

ჯეისონ ფიურმანმა, ჰარვარდის პროფესორმა, რომელიც თავმჯდომარეობდა პრეზიდენტ ბარაკ ობამას ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭოს, განაცხადა, რომ ამგვარად, გადასახადების შემცირების უპირატესობები მიმწოდებლებს მიეკუთვნება და არა მომხმარებლებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯოშ უინგროვი და ჯენი ლეონარდი