LIVE

აზიაში რუსული ნავთობის ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა

14 ივნ 202220:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1075
აზიაში რუსული ნავთობის ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა
Andrey Rudakov/Bloomberg

რუსეთის საზღვაო ნავთობის ნაკადები გეზს იცვლის. ევროპული სანქციების ფონზე, აზიაში რუსული ნავთობის ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა. 

ინდოეთი, რომელიც რუსული ნავთობის უმნიშვნელო მყიდველი იყო, ახლა ჩინეთის შემდეგ, მეორე ადგილს იკავებს. ჩინეთი რუსეთის წყნარი ოკეანის სანაპიროს პორტებიდან გადაზიდული ნედლი ნავთობის ერთადერთი ბაზარი გახდა, ხოლო ინდოეთი დასავლეთ სანაპიროების პორტებიდან გატანილი ნავთობის უმსხვილესი მყიდველია. აზიელი მყიდველები, რომლებშიც ეს ორი ქვეყანა დომინირებს, ახლა რუსეთის პორტებიდან გადაზიდული ნედლი ნავთობის ნახევარს იღებენ. 

3-10 ივნისის პირველ კვირაში რუსეთის დასავლეთ საექსპორტო ტერმინალებზე ტანკერებზე აზიის მიმართულებით დღეში დაახლოებით 860 000 ბარელი ნედლი ნავთობი იტვირთებოდა. მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებელი გაიზრდება.

მიმდინარე თვის დასაწყისში ევროკავშირმა სანქციების მე-6 პაკეტის ფარგლებში, რუსეთიდან ნედლი ნავთობის იმპორტი ეტაპობრივად აკრძალა. მათ შორის მიმდინარე წლის ბოლოს ბლოკის შიგნით აიკრძალება ნავთობის საზღვაო გზით გადაზიდვები. ევროკავშირი უნგრეთის და იმ ქვეყნების გამო, რომლებსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვთ და რუსულ ნავთობზე მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული, დათმობაზე წავიდა და დროებით უშვებს Druzhba მილსადენით ნავთობის იმპორტს. იქამდე, რამდენიმე გადამამუშავებელმა და გადამზიდავმა და ტრეიდერმა თვითსანქცირებას მიმართა. მიუხედავად ამისა, ეს წინაღობები გადაზიდვების საერთო დონეზე მცირე გავლენას ახდენს.

საზღვაო ნედლი ნავთობის მთლიანი ნაკადები ივნისის პირველ კვირაში შემცირდა. ქვეყნის საექსპორტო ტერმინალებიდან ჯამში 34 ტანკერი 24,9 მილიონი ბარელით დაიტვირთა. საშუალო დღიურმა ნაკადმა დღეში 3,55 მლნ ბარელი შეადგინა, რაც 10%-ით ნაკლებია წინა კვირაში დაფიქსირებულ 3,94 მლნ ბარელთან შედარებით.

3-10 ივნისის კვირაში ბალტიის და არქტიკის ტერმინალებიდან ურალის ნედლი ნავთობის ნაკადები უცვლელი დარჩა, მაგრამ როგორც შავი ზღვის, ისე წყნარი ოკეანის ტერმინალებიდან ყოველკვირეული მოცულობა თითქმის ერთი მეოთხედით შემცირდა. 

მიუხედავად იმისა, რომ ჯამში 10 ივნისამდე კვირაში გაგზავნილი ნავთობის მოცულობა შემცირდა 10%-ით, საექსპორტო გადასახადებიდან მიღებულმა მოსკოვის შემოსავალმა კიდევ უფრო მეტად იკლო. 3 ივნისამდე პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 16%-ით ($28 მილიონი) $152 მილიონამდე შემცირდა. შემოსავლის კლება ივნისში ბარელზე შემცირებულ გადასახადს უკავშირდება. 

რაც შეეხება პორტებიდან გასული სატვირთო გემების რაოდენობას, 3-10 ივნისის კვირაში ის 4-ით შემცირდა და 34 გახდა. ნაკლები გემი გაემგზავრა შავი ზღვისა და წყნარი ოკეანის პორტებიდან, ხოლო ბალტიის ტერმინალიდან გადაზიდვების რაოდენობა უცვლელი დარჩა. 

რუსეთმა ომის პირველი 100 დღის განმავლობაში (24 თებერვლიდან 3 ივნისამდე) წიაღისეული საწვავის ექსპორტიდან 93 მილიარდი ევროს შემოსავალი მიიღო. აქედან 61% (57 მილიარდი ევრო) ქვეყანას ევროკავშირმა გადაუხადა.

"ენერგიისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის" (CREA) თანახმად,
უმსხვილესი იმპორტიორები იყვნენ ჩინეთი (12,6 მილიარდი ევრო), გერმანია (12,1 მილიარდი ევრო), იტალია (7,8 მილიარდი ევრო), ნიდერლანდები (7,8 მილიარდი ევრო), თურქეთი (6,7 მილიარდი ევრო), პოლონეთი (4,4 მილიარდი ევრო), საფრანგეთი (4,3 მილიარდი ევრო) და ინდოეთი (3,4 მილიარდი ევრო).

ენერგიიდან მიღებული შემოსავალი შემდეგნაირად ნაწილდება: ყველაზე დიდი წილი - დაახლოებით 46 მილიარდი ევრო რუსეთმა ნედლი ნავთობის გაყიდვიდან მიიღო, 24 მილიარდი ევრო მილსადენის გაზიდან, 13 მილიარდი ევრო ნავთობპროდუქტებიდან, 5,1 მილიარდი ევრო თხევადი გაზიდან, 4,8 მილიარდი ევრო კი ნახშირის ექსპორტიდან გამოიმუშავა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯულიან ლი