LIVE

IEA ევროპას ურჩევს რუსეთიდან გაზის ნაკადის სრულად შეწყვეტისთვის მოემზადოს

22 ივნ 202220:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 893
IEA ევროპას ურჩევს რუსეთიდან გაზის ნაკადის სრულად შეწყვეტისთვის მოემზადოს

საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს (IEA) ხელმძღვანელი ფატიჰ ბიროლი ევროპას აფრთხილებს, რომ ამ ზამთარს რუსული გაზის ექსპორტის სრული შეწყვეტისთვის მოემზადოს. ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.

"რაც უფრო ვუახლოვდებით ზამთარს, მით უფრო გასაგები ხდება რუსეთის ზრახვები. დარწმუნებული ვარ, რომ შემცირების მიზანია ევროპის მარაგის შევსებაში ხელის შეშლა და ზამთრის თვეებში რუსეთის ბერკეტების გაზრდა", - აცხადებს ბიროლი.  

მისივე თქმით, კრიზისის გათვალისწინებით, ევროპის ქვეყნებმა ნახშირზე მომუშავე ქარხნების მუშაობის განახლებით სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, მიუხედავად, იმისა, რომ ნახშირბადის ემისიების ზრდა სპეციალისტების შეშფოთებას იწვევს. 

ევროპის უდიდესი მილსადენის, Nord Stream-ის მეშვეობით, ევროპა ბუნებრივი აირის მაქსიმალური შესაძლებლობის დაახლოებით 40%-ს იღებს. ამ ფონზე ევროპაში გაზის ფასი იზრდება, ქვეყნები კი ენერგიის მისაღებად ალტერნატიულ წყაროებს ეძებენ და მომხმარებლებს რესურსის დაზოგვისკენ მოუწოდებენ. 

გერმანიამ, ავსტრიამ და ნიდერლანდებმა ქვანახშირის ელექტროსადგურების მუშაობა აღადგინეს. 

ევროპული გაზის მარაგები დაახლოებით 55%-ით არის სავსე. მისი შევსება ამ დროისთვისაც გრძელდება, მაგრამ მიწოდების შეფერხების ფონზე, 1 ნოემბრისთვის შევსებული იქნება საჭირო მარაგის 80%, რაც, ING Groep ბანკის განცხადებით, "შემაშფოთებელი იქნება".