LIVE

SpaceX საქართველოში STarlink-ის თანამგზავრული სისტემებით ინტერნეტის მიწოდებას გეგმავს

21 ივნ 202211:14
3 წუთის საკითხავი
clock clock 1063
SpaceX საქართველოში STarlink-ის თანამგზავრული სისტემებით ინტერნეტის მიწოდებას გეგმავს

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, SpaceX საქართველოში STarlink-ის თანამგზავრული სისტემებით ინტერნეტის მიწოდებას გეგმავს.

SpaceX-ის წარმომადგენელთან კომუნიკაციების კომისიის შეხვედრა გაიმართა, სადაც SpaceX-ის Starlink-ის სატელიტური ინტერნეტ სერვისის საქართველოში გაშვების საკითხი განიხილეს.

Starlink მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი ძვირადღირებული, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია. SpaceX-ს დღეისათვის 2700-ზე მეტი Starlink-ის დაბალ ორბიტალური (LEO) თანამგზავრი ჰყავს გაშვებული.

როგორც კომუნიკაციების კომისიაში აღნიშნავენ, საქართველოს კონტექსტში Starlink განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალმთიან რეგიონებში, ასევე ფართოზოლოვანი ინტერნეტ დაფარვის არმქონე დასახლებებშია.

„ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა SpaceX-ის  წარმომადგენელთან, რომელიც  საქართველოში ჩამოვიდა, რათა ქართულ ტელეკომ გარემოს ადგილზე გაეცნოს. ჩვენ მას მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია საქართველოში ტელეკომის მიმდინარე ტენდენციებსა და სამომავლო ხედვებთან დაკავშირებით. SpaceX ამ ეტაპზე მუშაობს საქართველოს ბაზარზე მისთვის საინტერესო ნიშების შესწავლაზე და ემზადება საქართველოში Starlink ის ოპერაციების კომერციული გაშვებისთვის. აღნიშნული ფაქტი ვფიქრობ, ქვეყნისთვის და ტელეკომ სფეროსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, ვინაიდან Starlink-ის დანერგვის შემდეგ საქართველოშიც გახდება ხელმისაწვდომი თანამგზავრული ინტერნეტი და ეს ფანჯარას გაუხსნის მომავლის ინოვაციური ციფრული სერვისების ბაზარს განვითარებისთვის“,- განაცხადა შეხვედრის შემდეგ კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ.